საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №140
2016 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

 
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი;
ლ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი;
პ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი.

მუხლი 2
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

მუხლი 3
დამტკიცდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისიის მიზანია საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გზით ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად და ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე, კომისია:
ა) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით, კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან/საარჩევნო ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
ბ) უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას;
გ) განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.
მუხლი 3. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კომისიის რიგგარეშე სხდომებს. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებთან. მათი წარმომადგენლები სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში და კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.
6. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა დაინტერესებული პირებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების თითო წარმომადგენელი.
7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის სხდომის ოქმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი                                                                თეა წულუკიანი