ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის განვითარების მიზნით, 2020 წლის 16 იანვარს იუსტიციის მინისტრის N494 ბრძანებით დამტკიცდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
ცენტრი შექმნილია ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში - საბჭო) ფარგლებში და მას ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი (იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი).
ცენტრი შეიქმნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ან/და უკანონო ბრუნვის, ასევე, ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების მონიტორინგის, სამეცნიერო თემატური კვლევებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით.
ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებისაგან და აერთიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის როგორც მუდმივ, ისე - მოწვეულ სპეციალისტებს.
ცენტრი შედგება ორი სტრუქტურული რგოლისაგან - მონაცემთა კვლევის დანაყოფისა და საკონსულტაციო დანაყოფისაგან. კვლევითი დანაყოფის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს თემატურ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების მოძიება, დამუშავება და გაანალიზება ქვეყანაში არსებული ნარკო-ტენდენციების გამოვლენის მიზნით. რაც შეეხება საკონსულტაციო დანაყოფს, მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მონაცემთა კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა, ანალიტიკურ დოკუმენტებსა და სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება.
მონიტორინგის ცენტრი საქმიანობის განხორციელების ფარგლებში თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, ასევე, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ცენტრმა აქტიური მუშაობა დაიწყო 2020 წლის მარტიდან და დაიგეგმა რამდენიმე კვლევა, ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცერტთან (EMCDDA) თანამშრომლობით.
ცენტრმა 2020 წელს პირველად მომზადდა ნარკოვითარების 2019 წლის ანგარიში, რომლის მიზანია, რელევანტურ და მაღალი სანდოობის მქონე ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოში 2019 წლის განმავლობაში არსებული ნარკოვითარების ასახვა. ანგარიში სტრუქტურირებულად წარმოადგენს მონაცემებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარება ნარკოვითარების ერთიანი სურათის დანახვასა და სტრატეგიული მიმართულებებისა და ინდიკატორების შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნაში. ანგარიში აგებულია EMCDDA-ს სტანდარტების შესაბამისად და იძლევა შედარებითი და ფაქტობრივი მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას. ანგარიში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დამტკიცდა 2021 წლის 5 თებერვლის სხდომაზე.
2020 წელს, EMCDDA-ს ინიციატივითა და ნარკოვითარების მონიტორნგის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა კვლევა, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავლენის შესასწავლად ქვეყანაში არსებულ ნარკობაზარზე, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებსა და მათთვის საჭირო სერვისებზე. კვლევის დასკვნით ანგარიშში გაანალიზდა 2020 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში გამოვლენილი მიგნებები. კვლევა პარალელურად ჩატარდა ევროკავშირის ქვეყნებსა და „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ (ENP) აღმოსავლეთ ქვეყნებში[1].
კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავლენის შესწავლის მიზნით შეირჩა ტენდენციების აღმოჩენის მეთოდი (Trendspotting), რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და მრავალმხრივად იქნას შესწავლილი ახლად აღმოცენებული მოვლენა ან/და ტენდენცია.
კვლევის ფარგლებში ინფორმაცია შეგროვდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან,[2] დაბალზღურბლოვანი, სამკურნალო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებებიდან. საბოლოო მიგნებები ასახულია კვლევის ანგარიშში.
2020 წლიდან EMCDDA-სა და სხვა პარტნიორ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ცენტრმა დაიწყო მუშაობა რამდენიმე თემატურ კვლევაზე. კერძოდ:
- 2020 წელს ჩაშვებულ იქნა სამკურნალო დაწესებულებათა ევროპული კვლევა (EFSQ), რომელსაც ცენტრი სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს. ცენტრმა 2020 წელს დამოკიდებულების კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯია“-თან ერთად დაიწყო ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე.
- 2021 წელს დაგეგმილია საკანალიზაციო წყლების ანალიზი (Wastewater analyses), EMCDDA-ს, ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით.
[1] ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, საქართველო, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა*, ტუნისი და უკრაინა
[2] სახელმწიფო უწყებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის“, სსიპ „შემოსავლების სამსახური“.