მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის 2015-2018 წლების საბიუჯეტო დახმარების პროგრამა - ფინანსური შეთანხმება

 
2015 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ფინანსური შეთანხმება მართლმსაჯულების/იუსტიციის სექტორში 2015-2018 წლების საბიუჯეტო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით.  წინამდებარე პროგრამა მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (ტექნიკური დახმარების ჩათვლით) 50 მლნ ევროს შეადგენს.
 
ახალი საბიუჯეტო დახმარების პროგრამის - მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის  მიზანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების განმტკიცება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გაძლიერება და კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის გაუმჯობესება. ასევე,  საჯარო დაწესებულებების მუშაობისა და  საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების გზით კარგი მმართველობის დახვეწა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გენდერული თანასწორობის დაცვასა და მდგრად განვითარებას. 
 
ფინანსური შეთანხმებით საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას განახორციელოს  მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა ევროკავშირის მხარდაჭერით. ეს ვალდებულება დეტალურად არის გაწერილი ფინანსური შეთანხმების ზოგად და კონკრეტულ პირობებში, რომლებიც საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების შედეგად რეფორმაში ჩართულ უწყებებთან კონსულტაციების გზით განისაზღვრა.
 
ევროკავშირის ახალი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა მოიცავს  მართლმსაჯულების სექტორის 5 პრიორიტეტულ სფეროს:
 
  • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა;
  • ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა;
  • სისხლის სამართლის სისტემა, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა;
  • მიწის რეგისტრაცია.
 
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამას კოორდინაციას გაუწევს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის) საშუალებით.

ფინანსური შეთანხმება 2015-2018