იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანებით შეიქმნა მინისტრის სათათბირო ორგანო − კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს, აკადემიური წრეების, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. საბჭოს შექმნის მიზანია კერძო სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების დახვეწა და სრულყოფა, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტების უფლებათა დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, კერძო სამართლის ცალკეულ საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება, აგრეთვე,  კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია.

საბჭოს პირველ სხდომაზე საბჭოს წევრთა აქტიური მონაწილეობით მოხდა კერძო სამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. სწორედ ამ საკითხების შინაარსის მიხედვით, საზოგადოების მხრიდან წამოსული დაკვეთის საფუძველზე, საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური სამუშაო ჯგუფები.

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოში შექმნილია 6 სამუშაო ჯგუფი:
  • სანივთო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
  • საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
  • სამეწარმეო და გაკოტრების სამართლის საკითხებზე მომუშავე  ჯგუფი;
  • ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
  • პირადი უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
  • სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ჯგუფი.
სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
დღეისათვის საბჭოს სამუშაო ჯგუფების ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სანივთო სამართლის, სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის, საარბიტრაჟო სამართლისა და სხვა საკითხებზე.