2013 წლის 23 აპრილის იუსტიციის მინისტროს ბრძანებით შეიქმნა მინისტრის სათათბირო ორგანო - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს, აკადემიური წრეების, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. საბჭოს შექმნის მიზანია კერძო სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების დახვეწა და სრულყოფა, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტების უფლებებათა დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, კერძო სამართლის ცალკეულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება, აგრეთვე  კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია.

საბჭოს პირველ სხდომაზე საბჭოს წევრთა აქტიური მონაწილეობით მოხდა კერძო სამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. სწორედ ამ საკითხების შინაარსის მიხედვით, საზოგადოების მხრიდან წამოსული „დაკვეთის“ საფუძველზე, საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური სამუშაო ჯგუფები.

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოში შექმნილია 6 სამუშაო ჯგუფი:
  • სანივთო სამართალის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
  • საპროცესო სამართალის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
  • სამეწარმეო და გაკოტრების სამართალის საკითხებზე მომუშავე  ჯგუფი
  • ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
  • პირადი უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
  • სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
დღეისათვის საბჭოს სამუშაო ჯგუფების ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სანივთო სამართლის, სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის, საარბიტრაჟო სამართლის და სხვა საკითხებზე.