საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებთან. ეს თანამშრომლობა ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ორმხრივი დოკუმენტების საფუძველზე, მათ შორის: შეთანხმება, ურთიერთგაგების მემორანდუმი, სამოქმედო გეგმა, ოქმი და ერთობლივი განცხადება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლიდან დღემდე ორმხრივი დოკუმენტები გაფორმებული აქვს შემდეგი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებთან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, ლატვიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა და ყაზახეთის რესპუბლიკა. ზემოხსენებული დოკუმენტები განსაზღვრავენ მხარეებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი საკითხები: მოქალაქეობა; პირადი მონაცემების დაცვა; ინფორმაციის გამჭირვალობა და ელექტრონული დოკუმენტების კონტროლი, საკადრო საკითხები; კანონმდებლობისა და სამართლებრივი სტრუქტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; მხარეთა დელეგაციების გაცვლა თავიანთი იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების საქმიანობისა და ორგანიზაციის წესის გაცნობის მიზნით; იურიდიული კადრების მომზადების, სპეციალისტების ურთიერთგაცვლის საქმეში ხელშეწყობა; მხარეთა იუსტიციის ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარება; კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზისათვის სპეციალისტთა ჯგუფების შექმნა პარიტეტულ საწყისებზე; იუსტიციის ეროვნული სისტემების ინფორმატიზაციის სფეროში სპეციალისტების გაცვლის განხორციელება და ა.შ.  

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თითოეული დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.