ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ინიციატივა მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში.
 
საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.
 
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა.
 
დღეს ის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა და ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.
  • საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას;  
  • საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა;
  • საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − „Trace International“-ის კვლევით, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია;
  • სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ; ამ უკვე ცნობილ ბრენდებს მალე ბიზნესსახლიც შეემატება;
  • საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებასთან;
  • სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „mygov.ge“ – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით  ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.
 
საქართველოს წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობაში“  იმ სამუშაოების შედეგია, რაც ქვეყანამ წლების განმავლობაში შეასრულა „OGP“-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. პარტნიორობის ფარგლებში საქართველომ მოამზადა და წარმატებით განახორციელა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2012-2013 წლებისა და 2014-2015 წლების გეგმები, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია კი წარმატებით მიმდინარეობს.

 
2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა
შედეგები:
 
2013 წლის 17 აპრილს საქართველომ წარადგინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული „ღია მმართველობა  −  საქართველოს“ 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხმიანება პარტნიორობის ოთხ გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა ამოიწურა 2013 წლის ბოლოს, მომზადდა გეგმის შესრულების ანგარიში და დაიწყო  მუშაობა 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე
 

2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა

შედეგები:
  • 2014 წელი საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიესაღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს;
  • 2015 წელი მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველაზე წარმატებული თანამშრომლობისათვის ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა;
  • 2015 წელი თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.
 
2013 წელს მთავრობის 9 ივლისის №775 განკარგულებით „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“ რამდენიმე სამთავრობო დაწესებულებას დაევალა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების, მოსაზრებების შემუშავება და ანტიკორუფციული საბჭოსათვის წარდგენა. განკარგულების საფუძველზე ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ შეიმუშავა და 2013 წლის 1 აგვისტოს საქართველოს მთავრობას წარუდგინა:
 
 
საქართველოს მთავრობამ მოიწონა „ღია მმართველობა − საქართველოს“  სამდივნოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმისათვის. ამ პრიორიტეტების საფუძველზე ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის  ფარგლებში შემუშავდა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი მუშაობის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების  პროდუქტია. გეგმა შემუშავდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის  ფარგლებში „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნოს ხელმძღვანელობით. მის შემუშავებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ფართო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების მეშვეობით. საჯარო კონსულტაციები ჩატარდა საქართველოს 15 ქალაქში „USAID“-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერით. საქართველოს მასშტაბით გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 700-მდე დაინტერესებულმა პირმა.
 
ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს სამოქმედო გეგმის პირველად პროექტში ასახულ ვალდებულებებს. გარდა ამისა, მათი დამატებითი რეკომენდაციები,  რომლებიც გეგმის პირველი პროექტის შემუშავების შემდეგ წარმოადგინეს, უმეტესწილად, გათვალისწინებულ იქნა და ვალდებულებების სახით აისახა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში.  
 
„ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია  16 პასუხისმგებელი უწყების 26 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგია. გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს ღია მმართველობის 4 გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
 
ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმა
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის მოკლე მიმოხილვა


„ღია მმართველობა - საქართველოს“ სამოქმედო გეგმა 2016-2017

შედეგები:
  • 2016 წელი - საქართველო, საფრანგეთთან ერთად, „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა;
  • 2017 წელი - საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობა მან საფრანგეთისაგან გადმოიბარა.

„ღია მმართველობა − საქართველოს“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა,  ასევე, შემუშავებულია „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნოს მიერ სამოქალაქო და ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფორუმის ფარგლებში. სამდივნომ სამუშაო პროცესი ფორუმის წევრ საჯარო უწყებებსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაიწყო. მათი მხრიდან სამდივნოს წარედგინა წინადადებები და იდეები იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სამდივნომ ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში იმუშავა იმ უწყებებთან, რომლებიც მანამდე „ღია მმართველობა − საქართველოს“ საქმიანობაში არ ყოფილან ჩართულნი. სამდივნომ, ასევე, მიიღო ფორუმის ძველი და პოტენციური წევრების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების ფართო ნუსხა.  

სამდივნოს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მათი იდეების უმეტესობა ვალდებულებების სახით აისახა გეგმაში. ქვეყნის მასშტაბით გამართულ საჯარო კონსულტაციების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და სამდივნოს მხარს უჭერდა „USAID“-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). 19 საჯარო შეხვედრა საქართველოს 15 ქალაქში ჩატარდა.
 
„ღია მმართველობა − საქართველოს“ რიგით მესამე სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 24 პასუხისმგებელი უწყების 24 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია“ OGP“-ის პრინციპებთან გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია − გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების თემატიკა მკვეთრად გაფართოებულია.  „ღია მმართველობა − საქართველოს“ არსებობის განმავლობაში პირველად ვალდებულებების ნაწილი მოიცავს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციაში შემავალ თემებს. გარდა ამისა, ახალი სამოქმედო გეგმა პირველად ასახავს ღია მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის − კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების − საპასუხო სამ ვალდებულებას.

გეგმის კიდევ ერთი ნოვაციაა მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმა ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრებს მუნიციპალიტეტების ვალდებულებებსაც. კონსულტაციების შედეგად სამდივნომ მიიღო ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ვალდებულებების გათვალისწინების თაობაზე.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს „OGP“-ის ხუთივე გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.
 
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმა