მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 12 სახელმწიფო უწყებას*, თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
 
კომისიის საქმიანობა დადებითად შეფასდა ევროპული თანამეგობრობისა და სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თავისი არსებობის მანძილზე იგი იქცა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მთავარ პლატფორმად და სხვადასხვა უწყებაში  გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინირების ეფექტიან ინსტრუმენტად. ამ მიზნით, კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
 
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით  გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ – რეინტეგრაციის საკითხებზე, მიგრაციის სტრატეგიაზე, მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებაზე, მიგრაციის ანალიტიკურ სისტემასა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებაზე.
 
ამავდროულად, დამატებითი ექსპერტიზით უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის ფორმატის განვითარების თვალსაზრისით, 2013 წელს კომისიაში საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კომისიის სამდივნოსთან, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თემატური გადაფარვების აღმოფხვრასა და არსებული რესურსების მიზნობრივ მართვას. თუკი ადრე ხშირი იყო მსგავსი ან ზუსტად ერთნაირი ღონისძიებების მქონე პროექტების ინიცირება, დღეს მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების თემატიკა შეთანხმებულია ყველა უწყებასთან და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის საჭიროებებთან.
 
* (ჩამონათვალი გაკეთებულია ანბანური თანმიმდევრობით): განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
 
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.migration.commission.ge