1. რამ გამოიწვია კანონის შემუშავების აუცილებლობა?
 
კანონის შემუშავება განაპირობა უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში წარმოშობილმა მოუწესრიგებელმა იმიგრაციულმა პროცესებმა. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა, რაც სათანადო სავიზო პროცედურების მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
 
შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად უპირველეს საჭიროებას წარმოადგენდა არსებული სავიზო პოლიტიკის შეცვლა, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებითა და მათი შესრულების მიზნით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების გადახედვა. საჭირო ცვლილებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, აუცილებელი გახდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაძევების ქმედითი მექანიზმების  შემოღება, რაც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.  
 
  1. არის თუ არა ახალი კანონის მიზანი საქართველოში შემომსვლელ უცხოელთათვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება?
 
ტურიზმის განვითარება და ინვესტიციებისთვის კიდევ მეტად ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება საქართველოს პრიორიტეტია. პარალელურად, თანამედროვე გამოწვევების ფონზე და ევროკავშირთან მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. ამ პრიორიტეტებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, კანონი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადების უკეთესი მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების შექმნას.
 
  1. გაიარა თუ არა კანონპროექტმა საერთაშორისო ექსპერტიზა?
 
კანონპროექტის შეფასების მიზნით მოწვეულნი იყვნენ კვალიფიციური ექსპერტები ევროკავშირიდან. მათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცეს და ჩაატარეს ნაყოფიერი კონსულტაციები პროექტის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ექსპერტების საბოლოო დასკვნის თანახმად, კანონი შესაბამისობაშია ევროკავშირში დამკვიდრებულ ძირითად სტანდარტებთან.
 
  1. ჩართული იყვნენ თუ არა კანონის შემუშავების პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები?
 
კანონის პირველი სამუშაო ვერსიის შემუშავების შემდეგ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მოწვევით პროცესში ჩაერთნენ კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი  გათვალისწინებულ იქნა და აისახა კანონის საბოლოო რედაქციაში. 
 
  1. როდის შევა ძალაში ახალი კანონი?
 
ახალი კანონი ძალაში შევა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
 
  1. რა ზომებია გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო   საზღვრის უკანონო    გადაკვეთის შემთხვევაში?
 
ამ მხრივ არაფერი იცვლება: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა კვლავ ისჯება სისხლის სამართლის წესით.  
  1. შეეძლება თუ არა უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე იუსტიციის სამინისტროს სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ ვიზის აღება?
 
ახალი კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“  აღარ გასცემს საქართველოს ვიზებს.
 
  1. შეეძლება თუ არა უცხოელს, რომელსაც ბინადრობის ნებართვა და შესაბამისი მოწმობა მიღებული აქვს ახალი კანონის ამოქმედებამდე, კვლავ შემოვიდეს საქართველოში უვიზოდ?
 
უცხოელს, რომელსაც ბინადრობის ნებართვა (მოწმობა) მიღებული აქვს ახალი კანონის ამოქმედებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლია შემოვიდეს უვიზოდ ბინადრობის ნებართვის (მოწმობის) მოქმედების მთელ პერიოდში.
 
  1. შესაძლებელი იქნება თუ არა საქართველოს ვიზის აღება ქვეყანაში შემოსვლისთანავე სახელმწიფო საზღვარზე?
 
კანონის მიხედვით, საქართველოს ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
 
  1. რამ გამოიწვია საზღვარზე ვიზების გაცემის შეზღუდვა?
 
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ვიზები, ძირითადად, გაიცემა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, რაც მრავალ სირთულეს ქმნის უცხოელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირების კუთხით. კანონის მიხედვით, აღნიშნული პრაქტიკა შეიცვლება და  საქართველოს ვიზების გაცემა, ძირითადად, მოხდება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სავიზო განაცხადების ეფექტიანი განხილვისა  და მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით.  
 
  1. შესაძლებელია თუ არა, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას იმ უცხოელს, რომელსაც  საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს?
 
კანონი ამ მხრივ ახალს არაფერს ითვალისწინებს, როგორც აქამდე, ასეთი უფლების მქონე უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, თუ მას აქვს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა; არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; არ აქვს საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; არ იძლევა ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ და სხვა.  
 
 
 
  1. ახალი კანონი ითვალისწინებს თუ არა რაიმე სახის პასუხისმგებლობას გადამყვანი კომპანიებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მის მგზავრს უარს ეტყვიან საქართველოში შემოსვლაზე?
 
გადამყვანი კომპანიები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ უცხოელთა სამგზავრო დოკუმენტები, წარადგინონ ისინი  სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირების მიზნით და უკან დააბრუნონ ის უცხოელები, რომლებიც ვერ მიიღებენ  საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გატარებული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელი კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით შემოყვანილ თითოეულ მგზავრზე, სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში, განისაზღვრა  300 ლარის ოდენობით, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში −1000 ლარის ოდენობით, ხოლო  საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.
 
  1.  სად შეიძლება  უცხოელმა მიიღოს საქართველოს ვიზა?
 
საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ               წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
 
  1. თუ უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანაში არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, სად შეძლებს იგი საქართველოს ვიზის მიღებას?
 
ასეთ შემთხვევაში, ვიზის მისაღებად უცხოელს შეუძლია მიმართოს ახლომდებარე ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ანსაკონსულო დაწესებულებას.
 
  1. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე  იმყოფება სხვა ქვეყანაში, შეუძლია თუ არა მას, მიმართოს ვიზისთვის იქ არსებულ საქართველოს საელჩოს?
  • უცხოელებს, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და რომლებიც იმყოფებიან მესამე ქვეყანაში, შეუძლიათ ვიზის მისაღებად მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განლაგებულ ან აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას, თუ ისინი ფლობენ ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედ ვიზას ან  ბინადრობის მოქმედ ნებართვას. ამ კატეგორიის უცხოელებზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა სამი თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას.
  1. რა კატეგორიის ვიზები გაიცემა ახალი კანონით?
 
ახალი კანონით ვიზები დაიყო შემდეგ კატეგორიებად: A − დიპლომატიური, B − სპეციალური, C − ორდინალური, D − საიმიგრაციო და T − ტრანზიტული.
 
  1. რა მიზნებით გაიცემა დიპლომატიური ვიზა?
 
დიპლომატიური, ანუ A კატეგორიის, ვიზა გაიცემა სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული, არაოფიციალური ვიზიტით მომავალ უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებზე; უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციის წევრებზე; ზემოაღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული  წარმომადგენლობების თანამშრომლებზე; ასევე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე; დიპლომატიურ კურიერზე; სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; საქართველოს  საპატიო კონსულებზე (უცხო ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილების შემთხვევაში); საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე.
 
  1. რა მიზნებით გაიცემა სპეციალური ვიზა?
 
სპეციალური, ანუ B კატეგორიის, ვიზა გაიცემა უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ  ოჯახის წევრებსა და სხვა პირებზე; უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე; საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე; აგრეთვე, ამ პირების ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოში განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე; საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მომავალ პირებზე; საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე; საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე.
 
  1. რა მიზნით გაიცემა ორდინალური ვიზა ?
 
ორდინალური, ანუ C კატეგორიის, ვიზა გაიცემა ტურისტული მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე (პირები, რომელთა საქართველოში შემოსვლის მიზანი არ არის ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა); საქმიანი შეხვედრებისა  და მოლაპარაკებების საწარმოებლად მომავალ პირებზე; სამეცნიერო სემინარის, კონფერენციისა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიებების მონაწილეებზე; ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; საქართველოს ნავსადგურებში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობის დროს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის, საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; გარდა ამისა, აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში მკურნალობის მიზნით, საქართველოში ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მონახულების მიზნით, საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველ პირზე; საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე; საქართველოში წმინდა ადგილების მოლოცვის, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით მომავალ პირებზე.
 
  1. რა მიზნით გაიცემა საიმიგრაციო ვიზა?
 
საიმიგრაციო, ანუ D კატეგორიის, ვიზა გაიცემა საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში სამუშაოდ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე; საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად და ოჯახის გაერთიანების მიზნით მომავალ უცხოელებზე.
 
  1. არის თუ არა საიმიგრაციო ვიზა ყველა შემთხვევაში გრძელვადიანი?
 
საიმიგრაციო, ანუ D კატეგორიის, ვიზა არის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და დიპლომატიური აკრედიტაციის წინაპირობა. საიმიგრაციო ვიზა ყველა შემთხვევაში არის გრძელვადიანი.
 
  1. რა მიზნით და რა ვადით გაიცემა სატრანზიტო ვიზა?
 
სატრანზიტო, ანუ T კატეგორიის, ვიზა გაიცემა, საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შემთხვევაში, მესამე ქვეყანაში შესვლის მიზნით. სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
 
  1. რა ტიპის ვიზები იარსებებს ახალი კანონით?
 
ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
 
  1. რა ძირითადი განსხვავებაა მოკლევადიან და გრძელვადიან ვიზებს შორის?
 
მოკლევადიანი ვიზა შეიძლება იყოს ერთჯერადი, 30 დღემდე მოქმედების ვადით, ან მრავალჯერადი, 5 წლამდე მოქმედების ვადით, 180 დღეში 90 დღის ყოფნის უფლებით. მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე უცხოელს უფლება არ აქვს, მიიღოს საქართველოში ბინადრობის ნებართვა სამუშაო, სასწავლო და ოჯახის გაერთიანების მიზნით ან დიპლომატიური აკრედიტაცია. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლა-გასვლის უფლებით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციისა და ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.
 
  1. რა ვადით გაიცემა მოკლევადიანი ვიზა?
 
მოკლევადიანი, ერთჯერადი ვიზა გაიცემა სავიზო განაცხადში მითითებული დღეების ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. მრავალჯერადი, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით, რა შემთხვევაშიც, უცხოელის საქართველოში ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი, მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელებზე, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.
 
  1. შეიძლება თუ არა გაიცეს ერთჯერადი ვიზა 90 დღემდე მოქმედების ვადით?
 
არ შეიძლება, ვინაიდან ერთჯერადი ვიზა არის მოკლევადიანი, მაქსიმუმ, 30 დღემდე მოქმედების ვადით. 90 დღემდე მოქმედების ვადით გაცემული ვიზა იქნება მრავალჯერადი შესვლის უფლებით.
 
  1. რა ვადით გაიცემა გრძელვადიანი ვიზა?
 
გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.
 
  1. რას გულისხმობს ტერმინი „180 დღეში 90 დღის ყოფნის უფლება“?
 
ასეთი ტიპის ვიზის მფლობელი უფლებამოსილია, 180-დღიან პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს მხოლოდ 90 დღეს (90 დღე შეიძლება იყოს როგორც უწყვეტი პერიოდი, ისე შეიძლება შედგებოდეს რამდენიმედღიანი პერიოდებისგან − 30+30+30; 10+15+35+30 და ასე შემდეგ). პერიოდისა და დღეების ათვლა იწყება პირველი შემოსვლის დღიდან.
 
  1. შემცირდა თუ არა უვიზოდ ყოფნის  360-დღიანი ვადა?
 
დიახ, ახალი კანონით, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა განისაზღვრა 180-დღიან პერიოდში 90 დღით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ კი, შენგენის ხელშეკრულების სივრცეში არსებულ პრაქტიკას.
 
  1. რა განსხვავებაა ვიზაში აღნიშნულ ვიზის მოქმედების ვადასა და ყოფნის ვადას შორის?
 
ვიზის მოქმედების ვადა არის, ზოგადად, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის უფლება, ხოლო ყოფნის ვადა არის ის პერიოდი, რამდენ ხანსაც პირს აქვს უფლება, დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შემოსვლის დღიდან.  მაგალითად,  ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება იყოს 1 წელი − 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ყოფნის ვადა − 30 დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ერთწლიან პერიოდში უცხოელს შეუძლია ნებისმიერ დროს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 30 დღეს.
 
  1. შეიძლება თუ არა გაიცეს მრავალჯერადი, მოკლევადიანი ვიზა პირველსავე ჯერზე?
 
მრავალჯერადი, მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელებზე, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.
 
  1. არასრულწლოვანზე საქართველოს ვიზის გაცემისათვის დამატებით რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო?
 
არასრულწლოვან უცხოელს მოეთხოვება მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. აღნიშნული თანხმობა შეიძლება გაფორმდეს საქართველოს საკონსულოშიც.
 
  1. რა დრო სჭირდება ვიზის გაცემას ახალი კანონით?
 
მოკლევადიანი ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, კერძოდ, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 2 სამუშაო დღემდე.
 
გრძელვადიანი ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
 
  1. შეიცვალა თუ არა სავიზო რეჟიმი იმ უცხოელებისათვის, ვინც უვიზოდ შემოდიოდა და იმყოფებოდა საქართველოში 360 დღემდე ვადით?
 
ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ, რადგან მსგავსი ჩამონათვალი გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, რომლის პროექტზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. ევროკავშირის,  ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა  ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან შენარჩუნებული იქნება უვიზო მიმოსვლა ერთადერთი ცვლილებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საქართველოში უვიზოდ დაჰყონ არაუმეტეს 90 დღისა 180-დღიან პერიოდში, მრავალჯერადი შესვლის უფლებით.
 
  1. უცხოელი, რომელიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე საქართველოში შემოვიდა და სარგებლობდა 360 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, მისი მოქალაქეობის ქვეყნის მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვალდებული იქნება თუ არა, დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია?
 
არა, ვინაიდან ასეთი პირები, საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის თვალსაზრისით, ისარგებლებენ იმავე სამართლებრივი რეჟიმით, რომელიც მოქმედებდა მათი საქართველოში შემოსვლის დროს, და საქართველოს დატოვებენ მაშინ, როცა დატოვებდნენ, ახალი კანონი რომ არ ყოფილიყო მიღებული.
 
  1. შეიძლება თუ არა ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება?
 
საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური და სპეციალური ვიზების ვადის გაგრძელება, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 
  1. შესაძლებელია თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის კატეგორიის შეცვლა?
 
არა, ასეთ შემთხვევაში, უცხოელი ვალდებულია, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მიიღოს ახალი ვიზა მგზავრობის მიზნის შესაბამისად.
 
  1. რას ნიშნავს სავიზო ვალდებულებისაგან გათავისუფლებავიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას, თუ ვიზის მისაღებად საჭირო რაიმე მოთხოვნისაგან გათავისუფლებას?
 
სავიზო ვალდებულებისაგან გათავისუფლება ნიშნავს ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.
 
  1. იძლევა თუ არა საქართველოს ვიზა სხვა რომელიმე ქვეყანაში შესვლის უფლებას?
 
საქართველოს ვიზა იძლევა მხოლოდ საქართველოში შემოსვლის უფლებას.
 
  1. როგორ უნდა მოიქცეს უცხოელი იმ შემთხვევაში, თუ დაკარგა ან დააზიანა პასპორტი, რომელშიც მას ჰქონდა საქართველოს ვიზა?
 
ასეთ შემთხვევაში, პირმა უნდა გაიაროს იგივე პროცედურა, რაც ჩვეულებრივ საჭიროა ვიზის მისაღებად.
 
  1. რომელი წესი, ახალი თუ ძველი, გავრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე შემოვიდნენ საქართველოში?
 
აღნიშნულ პირებს შეუძლიათ გააგრძელონ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, ძველი წესის შესაბამისად მიღებული  ვიზის საფუძველზე, ამ ვიზის მოქმედების პერიოდში. თუმცა, თუ ამ პერიოდში ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხელახლა შემოსვლისას მათზე უკვე გავრცელდება ახალი კანონის მოთხოვნები.
 
  1. რა პრინციპით განხორციელდება უვიზო და სავიზო რეჟიმის ქვეყნების განსაზღვრა?
 
კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შემოღებისა თუ გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული იქნება ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
 
  1. სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია თუ არა, უვიზოდ შემოვიდეს საქართველოში?
 
უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, საქართველოში შემოვიდნენ უვიზოდ, ამავე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებიც ისარგებლებენ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლებით.
 
  1. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემდეგ რა პერიოდში უნდა დატოვოს უცხოელმა ქვეყანა?
 
ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემდეგ უცხოელმა ქვეყანა უნდა დატოვოს დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, პირზე გავრცელდება ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დადგენილი ჯარიმა.
 
  1. რა არის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და ვისზე გაიცემა იგი?
 
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დროებითი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსისა და საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლებზე. დოკუმენტი, ასევე, გაიცემა იმ პირებზე, რომელთა გაძევებაც შეუძლებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს იმ პირებზეც, რომელთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას.
 
  1. რომელი სახელმწიფო უწყება გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას?
 
დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“.
 
  1. რა უფლებებით სარგებლობს პირი, რომელზეც გაიცემა დროებითი  საიდენტიფიკაციო მოწმობა?
 
კანონის თანახმად, ეს უფლებებია: თანასწორობის, შრომის, ჯანმრთელობის, განათლების მიღების, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებები, ასევე, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენისთავისუფლება და სხვ.
 
  1.  რა სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა კანონით უცხოელზე?
 
ახალი კანონით, უცხოელზე შესაძლებელია, გაიცეს შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების, საქართველოს ყოფილი მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, სპეციალური, მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვები.
 
  1.  რა სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა დროებითი ცხოვრების უფლებით?
 
დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: სასწავლო, შრომითი, ოჯახის გაერთიანების, საქართველოს ყოფილი მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის და სპეციალური.
 
  1.  რა სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების  უფლებით?
 
მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა მხოლოდ ისეთ პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით, ან რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალნენ და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან.
 
  1. შესაძლებელია თუ არა, უცხოელმა ჩააბაროს განაცხადი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაზე საზღვარგარეთ ყოფნისას?
 
არ შეიძლება, ვინაიდან უცხოელის მიერ ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ტერიტორიულ სამსახურებსა და სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალებში.
 
  1. რომელი კატეგორიის ვიზა წარმოადგენს უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობას?
 
ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის უცხოელს უნდა ჰქონდეს იმავე მიზნით გაცემული საქართველოს გრძელვადიანი ტიპის ვიზა, რა მიზნითაც მას სურს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგალითად, შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს D1 (შრომითი) ან D2 (სამეწარმეო) ტიპის საიმიგრაციო ვიზა.
 
  1. რომელი კატეგორიის ბინადრობის ნებართვისთვის არ არის სავალდებულო იმავე მიზნით გაცემული საქართველოს გრძელვადიანი ტიპის ვიზა?
 
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის არ არის სავალდებულო, რომ უცხოელი ფლობდეს იმავე მიზნით გაცემულ ვიზას. მას შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის საფუძველზე.
 
  1. რა შემთხვევაში გაიცემა უცხოელზე მუდმივი ცხოვრების (ბინადრობის) ნებართვა?
 
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მშობელზე, შვილზე, მეუღლეზე, ასევე, იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. თუმცა, ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
 
  1. რა სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც იყო საქართველოს ყოფილი მოქალაქე?
 
პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან დაკარგვის გზით,  შეუძლია მიიღოს საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა დროებითი ცხოვრების უფლებით. ასეთ პირებზე დროებითი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 წლამდე ვადით, ხოლო ამის შემდეგ მათ უფლება აქვთ, მიიღონ ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით. გარდა ამისა, აღნიშნული კატეგორიის  პირებს უფლება აქვთ, მოიპოვონ თანამემამულის სტატუსი და აიღონ შესაბამისი მოწმობა, რომელიც  სხვა პრივილეგიებთან ერთად საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს უფლებას აძლევს, შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ.
 
  1. ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რომელმა ნათესავმა შეიძლება მიიღოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა?
 
ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა შესაძლებელია, მიიღონ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლემ, შვილმა, მშობელმა, აგრეთვე, მათი მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფმა არასრულწლოვანმა, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირებმა.
 
მოცემული საფუძვლით ბინადრობის ნებართვა გაიცემა დროებითი ცხოვრების უფლებით 6 წლამდე ვადით.
 
  1. საქართველოს მოქალაქის რომელმა ნათესავმა შეიძლება მიიღოს ბინადრობის ნებართვა?
 
ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით შესაძლებელია, მიიღონ საქართველოს მოქალაქის უცხოელმა მეუღლემ, მშობელმა და შვილმა.
 
  1. ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისთვის რა კრიტერიუმებით განისაზღვრება შრომითი საქმიანობა?
 
ბინადრობის ნებართვის მიზნებისთვის შრომითი საქმიანობა არის ნებისმიერი ის საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს შესაბამის ანაზღაურებას.
 
  1. ვინ შეიძლება მიიღოს შრომითი ბინადრობის ნებართვა?
 
შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოში ეწევა სამეწარმეო ან შრომით საქმიანობას. შრომითი ბინადრობის ნებართვა, ასევე, გაიცემა თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე.
 
  1. ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისთვის ვინ შეიძლება იყოს თავისუფალი პროფესიის ადამიანი?
 
ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისთვის თავისუფალი პროფესიის ადამიანად მიიჩნევა გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს  პროფესიულ საქმიანობას.
 
  1. შესაძლებელია თუ არა, სწავლის მიზნით უცხოელმა მოიპოვოს დროებითი ბინადრობის ნებართვა?
 
ახალი კანონის მიხედვით, სასწავლო ბინადრობის ნებართვა უცხოელებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს, პროფესიულ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს D3 (სასწავლო) ტიპის გრძელვადიანი საიმიგრაციო ვიზა.
 
  1. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ რა ვადაში შეუძლია უცხოელს, განმეორებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს იმავე მიზნით?
 
უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ნებისმიერი სახის ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ. ახალი კანონი მსგავს შეზღუდვას არ ითვალისწინებს, როცა პირველ და მეორე შემთხვევაში, მიმართვის საფუძველი არის სხვადასხვა.
 
  1. ბინადრობის ნებართვის მოპოვებიდან რა ვადაში უნდა აიღოს უცხოელმა ბინადრობის მოწმობა?
 
უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა. 6 თვის განმავლობაში ბინადრობის მოწმობის აუღებლობა წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის გაუქმების საფუძველს.
 
  1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, რა ვადა ეძლევა ასეთ პირს ქვეყნის დატოვებისთვის?
 
გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის  სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ძალაში შედის მისი მიღებიდან ერთი თვის შემდეგ. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში  პირის მფლობელობაში არსებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, სამგზავრო პასპორტი, ძალაში რჩება და მას შეუძლია თავისუფლად დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.
 
  1. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ან ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის შემდეგ რა ვადის განმავლობაში არ დაეკისრება უცხოელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის გამო?
 
უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის  შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან  30 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.
 
  1. რომელი სახელმწიფო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში კანონიერად მყოფი უცხოელის  საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და რა შემთხვევებში?
 
უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“. გადაწყვეტილება  მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ უცხოელს სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად;
  • ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნის მიხედვით, პირის მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
  • თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება უცხოელის მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
  • თუ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისას უცხოელი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.
  1. ითვალისწინებს თუ არა რაიმე სიახლეს კანონი მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებაში?
 
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც ეს სტატუსი ახალი კანონის ამოქმედებამდე მოიპოვეს და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდა, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
 
  1. შესაძლებელია თუ არა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება, თუ მას განცხადება შეტანილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე?
 
საქართველოში არალეგალურად მყოფ უცხოელს, რომელსაც შეტანილი აქვს განცხადება მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე, არ გადაუვადდება საქართველოდან გასვლის ვალდებულება. კანონის მიხედვით, განცხადება გადავადების თაობაზე სააგენტოში შეტანილი უნდა იყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე.
 
  1. თუ უცხოელს ეწურება საქართველოს ვიზა, ხოლო ქვეყანაში მის შემდგომ ყოფნას  არსებითი მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია თუ არა, მას გადაუვადდეს გასვლის ვალდებულება?
 
განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უცხოელს შესაძლებელია, ერთჯერადად გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება 3 თვემდე ვადით იმავე მიზნით, რა მიზნითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის უფლება.
 
  1. შეიცვალა თუ არა ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობები?
 
ახალი კანონის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურებს. კერძოდ, ინვესტორს შეუძლია, უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს ნებისმიერი ტიპის ვიზით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის.
 
  1. ითვალისწინებს თუ არა ახალი კანონი ტრეფიკინგის  მსხვერპლთა დაცვის მიზნით რაიმე ტიპის ბინადრობის ნებართვის გაცემას?
 
კანონით გათვალისწინებულია სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა უცხოელზე, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი და დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთი ტიპის ბინადრობის ნებართვა გაიცემა გამარტივებული წესით 6 წლამდე ვადით.
 
  1. საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს შეუძლია თუ არა, მოიწვიოს  სხვა უცხოელი?
 
უცხოელის საქართველოში მოწვევის უფლება აქვს მხოლოდ მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს.
 
  1.  საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსულ უცხოელს შეუძლია თუ არა, მიიღოს  შრომითი     ბინადრობის ნებართვა?
 
არა. კანონის თანახმად, უცხოელს შეუძლია მიიღოს ბინადრობის ნებართვა იმავე მიზნისთვის, რა მიზნისთვისაც მან მოიპოვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა (ვიზა).
  1. ითვალისწინებს თუ არა კანონი რაიმე სიახლესდოკუმენტირების თვალსაზრისით, სხვადასხვა სტატუსის (ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან მოქალაქეობის არმქონე) მაძიებელ პირებთან მიმართებაში?
 
კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეობის არმქონე პირის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელ პირთათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ზემოხსენებული კატეგორიის პირებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უფლებების რეალიზებაში.
 
  1. შესაძლებელია თუ არა, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ეწეოდეს შრომით საქმიანობას?
 
დიახ. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა მიმართ კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას, მათ მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით.
 
  1. როგორ განმარტავს უცხოელის საქართველოდან გაძევებას (დეპორტაციას) ახალი კანონი?
 
უცხოელის გაძევება (დეპორტაცია) არის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხოელის ან  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.
 
  1. საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეზღუდება თუ არა საქართველოში შემოსვლა?
 
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეზღუდება საქართველოში შემოსვლის უფლება 2-დან 5 წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. უცხოელის მიერ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში, მასზე არ გავრცელდება აღნიშნული აკრძალვა.
 
  1. ეკისრება თუ არა უცხოელს ჯარიმა,  თუ საქართველოდან მისი გასვლისას აღმოჩნდა, რომ მან გადააცილა ქვეყანაში ყოფნისთვის  ნებადართულ ვადებს?
 
იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, იგი ვალდებულია,  გადაიხადოს ჯარიმა. ჯარიმა განსაზღვრულია საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – 180 ლარის ოდენობით, ხოლო  3 თვეზე მეტი პერიოდის შემთხვევაში – 360 ლარის ოდენობით.  კანონის მოქმედი ვერსიისაგან განსხვავებით, ახალი კანონი არ ითვალისწინებს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელებისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას.
 
  1. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასვლისას პირს არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა იმისათვის, რომ გადაიხადოს ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა?
 
ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდა  შესაძლებელია როგორც ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლამდე, ისე გასვლის შემდეგაც. ამასთან, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულებამდე.
 
  1.  რომელი უწყებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელების აღმოჩენასა და მათ მიერ ქვეყნის დატოვების უზრუნველყოფაზე?
 
კანონის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომლის კომპეტენციაშიც შედის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის აღმოჩენა და მის მიერ ქვეყნის დატოვების უზრუნველყოფა.
 
  1. შეიქმნება თუ არა საქართველოში არალეგალურად მყოფ უცხოელთა განთავსების ცენტრი?
 
საქართველოში არალეგალურად მცხოვრებ უცხოელთა განთავსების ცენტრის მშენებლობა  უკვე დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომლის დაქვემდებარებაშიც იქნება ეს ცენტრი.
 
  1. უზრუნველყოფილი იქნება თუ არა დროებით განთავსების ცენტრში უცხოელთა ის უფლებები, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით მსგავსი ტიპის დაწესებულებებში?
 
დიახ. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შემთხვევაში, კანონი კრძალავს  დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ და დამამცირებელ მოპყრობას. კანონი ადგენს, რომ უცხოელისადმი მოპყრობა უნდა მოხდეს მისი სქესის, ასაკისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება, ხოლო ოჯახის მოთავსების შემთხვევაში, ოჯახის ერთიანობის პრინციპი უნდა იქნეს დაცული; ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არასრულწლოვანი პირების უფლებები  და სხვა.
 
  1. რა მოხდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება პირის საქართველოს ტერიტორიაზე  კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ფაქტი?
 
საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის აღმოჩენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახური გამოიტანს გადაწყვეტილებას მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რის შემდეგაც უცხოელს მიეცემაშესაძლებლობა, 10-დან 30 დღემდე ვადაში ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლის შემდეგ პირი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, დაიწყება მისი იძულებით გაძევების პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, უცხოელი შეიძლება დაკავებულ და გადაყვანილ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში.
 
  1. არის თუ არა დადგენილი  დროებითი განთავსების ცენტრში პირის მოთავსების მაქსიმალური ვადა?
 
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მაქსიმალური ვადაა 3 თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
 
  1. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ორგანოს მიერ დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანილი იქნება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანი ან ოჯახი?
 
კანონი ითვალისწინებს ბავშვის უზენაესი ინტერესის დაცვისა და ოჯახის ერთიანობის პრინციპს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანი მაქსიმალურად მოკლე ვადით უნდა იქნეს მოთავსებული დროებითი განთავსების ცენტრში. რაც შეეხება ოჯახს, ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვით, ოჯახი უნდა მოთავსდეს ერთად, ცალკე ოთახში.
 
  1.  არსებობს თუ არა საქართველოში ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების დახმარების პროგრამები?
 
ამჟამად ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამებს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით, ასევე, შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურისადმი მიმართვა.
 
  1. გარდა ქვეყანაში არალეგალურად ყოფნისა, რა მიზეზით შეიძლება მოხდეს უცხოელის ქვეყნიდან გაძევება და ვინ იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას?
 
გარდა ქვეყანაში არალეგალურად ყოფნისა, უცხოელის ქვეყნიდან გაძევების საფუძველი შეიძლება გახდეს ისიც, რომ პირი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა, რა შემთხვევაშიც მისი გაძევება განხორციელდება სასჯელის მოხდის შემდეგ და სხვა. აღნიშნულ საკითხებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
 
  1. შესაძლებელია თუ არა გაძევების გადაწყვეტილების გადავადება და ვინ იღებს გადაწყვეტილებას გადავადების შესახებ?
  • მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პირს გადაუვადოს  ქვეყნიდან გაძევება. ამგვარი გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული, თუ სახეზეა დაუძლეველი ვითარება (ფორს-მაჟორი); პირის ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება; ფეხმძიმობა თუ ექიმის დასკვნის თანახმად, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას და სხვა.  
  1. რა ვადით შეიძლება გადაუვადდეს პირს გაძევება?
 
უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება შესაძლებელია, მაქსიმუმ, 60 დღით.
 
  1. შესაძლებელია თუ არა გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრება?
 
გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში. გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოს ორ ინსტანციაში.
 
  1. როგორ ხდება პირის დაკავება გაძევებისას?
 
პირის დაკავება შეიძლება განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. იგი შეიძლება დაკავებულ იქნეს გაძევების უზრუნველყოფის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება მისი ვინაობის დადგენა, ან თუ არსებობს მიმალვის საფრთხე და სხვა. დაკავების შემდეგ, 72 საათის განმავლობაში, პირი შესაძლოა, იმყოფებოდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რის შემდეგაც, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი გადაყვანილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში.
 
  1. რა უფლებები აქვს უცხოელს დაკავებისას?
 
უცხოელს დაკავებისთანავე განემარტება დაკავების მიზეზი და საფუძველი, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის გარანტირებული უფლებები, რაც გულისხმობს ადვოკატის აყვანის უფლებას, დაკავების შესახებ ახლობლისთვის შეტყობინების უფლებას, მოქალაქეობის ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის  უფლებას, სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლებას, გასაჩივრების უფლებას და ა.შ.
 
  1. არსებობს თუ არა დაკავების თავიდან აცილების შესაძლებლობა?
 
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პირს შეიძლება შეეფარდოს სხვა ალტერნატიული ზომა.
 
  1. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გარდა, სხვა რა ალტერნატიული ზომები არსებობს?
 
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განისაზღვროს: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადება; უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა; მინიმუმ, 1000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია ან რეგულარული შემოსავლების დამადასტურებელი ცნობა;  გირაო, არაუმეტეს 2000 ლარისა.
 
 
  1. როგორ ხდება გაძევების ხარჯების დაფინანსება?
 
გაძევების ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ახალი კანონი ადგენს რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას.კერძოდ,გაძევების აღსრულების ყველა ხარჯს გაიღებს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელი ან მისი მომწვევი პირი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ამ გზით ანაზღაურება შეუძლებელი იქნება, აღნიშნული ხარჯები ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა გაიღოს საქართველოსსახელმწიფომ.
 
  1.  ეკისრება თუ არა რაიმე სახის ვალდებულება პირს იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მოწვეული უცხოელი გაძევებას დაექვემდებარება?
 
თუ პირმა საქართველოში მოიწვია უცხოელი, რომელიც გაძევებას დაექვემდებარა, მომწვევს შეიძლება დაეკისროს გაძევებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფარვა. მომწვევი, ასევე, შეიძლება დაჯარიმდეს 1000 ლარით.
 
  1. არის თუ არა კანონით გათვალისწინებული, რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი უცხოელის გაძევება?
 
უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს მისი  მოქალაქეობის  ან  იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება; იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება; ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.
 
  1. გაძევების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რა მოხდება, თუკი პირს მისი წარმოშობის ქვეყანაში  საფრთხე ემუქრება?
 
კანონი ადგენს, რომ დაუშვებელია უცხოელის გაძევება ისეთ ქვეყანაში, სადაც მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის და თუ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე.
 
  1. რომელი სახელმწიფო ორგანო ანიჭებს პირს საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის      უფლებას?
 
გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელისათვის დროებითი ყოფნის უფლების მინიჭების საკითხს წყვეტსშინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული უფლების მინიჭების საფუძვლები დეტალურად არის გაწერილი ახალ კანონში. კერძოდ, დროებითი ყოფნის უფლება გაიცემა გაძევების დამაბრკოლებელი შემდეგი გარემოებების არსებობისას: თუ უცხოელს დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; თუ მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის ან/დამის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. დროებითი ყოფნის უფლების მინიჭება ხდება, ასევე, მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება, ან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მიღებაზეარცერთი სახელმწიფო არ აცხადებს თანხმობას.
 
  1. რა ვადით ენიჭება უცხოელს დროებითი ყოფნის უფლება და აქვს თუ არა დროებითი ყოფნის   უფლების მქონე უცხოელს ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა?
 
უცხოელზე დროებითი ყოფნის უფლება გაიცემა 1 წლის ვადით და მისი მოქმედება შესაძლებელია, გაგრძელდეს გაძევების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრამდე.
 
დროებითი ყოფნის უფლების მიღებიდან 5 წლის შემდეგ უცხოელი უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად.