საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი რგოლია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზრუნავს ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფაზე, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და კანონიერების განმტკიცებას, ემსახურება საზოგადოებას.
 
იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი  სფეროები
 
სამართალშემოქმედება, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება.
 
იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, დარგობრივ სამინისტროებთან, სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე, სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
 
ამ ტიპის საქმიანობას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი ახორციელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომებს, კერძოდ კი, ევროკავშირის სამართლის წყაროებთან (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტს ნორმატიულ აქტებში ცვლილების ან ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით.
დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზას.“

 
სამართალშემოქმედების დეპარტამენტი ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას; სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ურთიერთობის კოორდინაციას; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლას, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლას სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებების წარდგენას მათში ცვლილების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე; მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას.
 
ანალიტიკური დეპარტამენტი შეისწავლის საერთაშორისო სტანდარტებს, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას, აანალიზებს მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით ამზადებს რეკომენდაციებს საკვანძო საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების მიზნით. რიგ შემთხვევებში, ანალიტიკური დეპარტამენტი უშუალოდ შეიმუშავებს სტრატეგიული მნიშვნელობის საკანონმდებლო ინიციატივებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს. ამ გზით ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს განვითარებას, როგორიცაა, მაგალითად, სისხლის სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომის სამართალი, დემოკრატიული მმართველობა და ანტიკორუფციული რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლება და სხვა.
 
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი შეიმუშავებს წინადადებებს, რომლებიც უკავშირდება ეროვნული კანონმდებლობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე, მისი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
 
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს საქმიანობის შესაბამისად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელს უწყობს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას; ახდენს საზოგადოების ინფორმირებას უწყების მუშაობის ძირითად მიმართულებებზე.
 
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას, რეგისტრაციას და მათ ოფიციალურ გამოქვეყნებას.
 
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მისიაა, აქტიურად იყოს ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებას,საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე ჯგუფებისთვის, რათა ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საზოგადოების უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, ხელი შეეწყოს სახელმწიფოში კარგი მმართველობისა და თავისუფალი ბიზნესგარემოს განვითარებას.დღეისათვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ტრენინგი; ტესტირება (საკონკურსო, საატესტაციო); კონსულტაცია.
 
პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია
 
იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს სამართლებრივ ექსპერტიზას და მონაწილეობს ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მიზნობრივ სფეროებში.
 
ამ სახის საქმიანობას ახორციელებენ შემდეგი დეპარტამენტები:
 
ანალიტიკური დეპარტამენტი კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით ხელს უწყობს იუსტიციის სისტემას კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, დემოკრატიული მმართველობის სფეროებში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში. ამ მიზნით დეპარტამენტი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს შედარებით სამართლებრივ და სოციოლოგიურ კვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში.
 
სამართალშემოქმედების დეპარტამენტი ახორციელებს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე, კანონმდებლობით განსაზღვრული კატეგორიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უზრუნველყოფს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას.
 
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. აღნიშნული დეპარტამენტი, როგორც უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების სამდივნო, აქტიურ როლს თამაშობს პოლიტიკის შემუშავებასა და იმპლემენტაციაში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, გაერო-ს სანქციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია.
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებზე მიმდინარე დავებში წარმომადგენლობის განხორციელებას; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასა და სხვა ღონისძიებათა გატარებას, რომელთა მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცება და დარღვევათა პრევენცია.
 
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსური ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას.
 
 
წარმომადგენლობითი ფუნქცია
 
იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს ეროვნულ სასამართლოებში, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.
 
ამ ფუნქციას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი დეპარტამენტები:
 
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს სასამართლო ინსტანციებში მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობას. ამას გარდა, დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს საქართველოს სასამართლოების წინაშე მიმდინარე დავებში, სადაც სადავო თანხის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან თუ საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა.
 
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო წარმომადგენლობას უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში.
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერო-ს სახელშეკრულებო (ადამიანის უფლებათა დაცვის კვაზი სასამართლო) ორგანოებში მიმდინარე საქმეებზე.
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების აღსრულებას; სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში სხვა ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოებისაგან მტკიცებულებათა მოპოვებას ან ამ ორგანოებისათვის მტკიცებულებათა მიწოდებას; ასევე, გაერო-სა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოებში იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ანგარიშების წარდგენას. ამასთან, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი არის ცენტრალური ორგანო ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვის საკითხებში. კერძოდ, დეპარტამენტი წარმოადგენს ცენტრალურ ორგანოს 1980 წლის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის ფარგლებში. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, უწევს მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობას და ახორციელებს წარმომადგენლობას. ასევე, დეპარტამენტს წარმომადგენლობითი ფუნქციები აკისრია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციაზე.
 
ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობით ფუნქციებს ღია მმართველობის, კორუფციის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების თემებზე.
 
ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია
 
უწყებათაშორისი კოორდინაცია არის ეფექტიანი მონაწილეობითი და საკონსულტაციო პროცესების გარანტი, ისევე, როგორც ჰარმონიზებული ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი.

ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით.
 დეპარტამენტს ასევე დაკისრებული აქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოში - ასოცირების საბჭოში სამინისტროს წარმომადგენლის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება და ასოცირების შეთანხმებით დადგენილი მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის საქმიანობის კოორდინაცია.“

 
ანალიტიკური დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმას, ღია მმართველობისა და ანტიკორუფციულ რეფორმას, ასრულებს რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს. ამ მიმართულებით დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ანტიკორუფციული, ღია მმართველობისა და სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობა; არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების/დონორთა კოორდინაცია; საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების ადმინისტრაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; საბჭოს გაძლიერების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების მომზადების ხელშეწყობა; საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
 
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი  კოორდინაციას უწევს შემდეგი უწყებათაშორისი საბჭოების ფუნქციონირებას: ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების  განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო;  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყაბათაშორისი საბჭო; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია;  ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.
ამ მიმართულებებით საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში. ამასთან, დეპარტამენტი აქტიურ მონაწილეობას იღებს აღნიშნული სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციისა და შემდგომში შესაბამისი ანალიზების გაკეთების პროცესში.
 
სამართალშემოქმედების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოს. იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანებით, შეიქმნა მინისტრის სათათბირო ორგანო − კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს, აკადემიური წრეების, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. საბჭოს შექმნის მიზანია კერძო სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების დახვეწა და სრულყოფა, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტების უფლებათა დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, კერძო სამართლის ცალკეულ საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება, აგრეთვე,  კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია.
 
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით შექმნილი სამდივნო.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის №314 დადგენილების საფუძველზე. კომისია წარმოადგენს მთავრობის სათათბირო ორგანოს, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
 
საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები და სპეციალისტები. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს მიწის მართვის განვითარების საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზის სრულყოფა; ბ) ახალ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შემოღებასთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლა და,საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება.
 
მოქალაქეთა მომსახურება
 
იუსტიციის სამინისტრო მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ამისთვის შემუშავდა იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია, რომელიც, მომხმარებლის სერვისსა და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთ სივრცეში აერთიანებს.
 
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურებას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი სსიპ-ები და სამსახურები:
 
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებას: სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია − დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, განქორწინება, შვილად აყვანა, მამობის დადგენა, სახელისა და გვარის შეცვლა; ასევე, პირადობისა და ბინადრობის მოწმობების, პასპორტების, მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემას; განიხილავს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: მოქალაქეობის მიღება, აღდგენა, მინიჭება, შეწყვეტა,  ბინადრობისა და ემიგრაციის ნებართვა, ვიზის გაცემა და სხვა. ამასთან, 2009 წლიდან საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს მოქალაქეთა მომსახურების ფუნქცია გადაეცა აღნიშნულ სააგენტოს.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო რეესტრის წარმოებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.  საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, პოლიტიკურ პარტიათა  და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. სააგენტოს ფუნქციებია: რეგისტრაცია; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით; საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების აღრიცხვა.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არეგულირებს ნოტარიატის საქმიანობას. ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უზრუნველყოფს ხარისხიან და ეფექტიან სანოტარო მომსახურებას.
 
ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობას კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე, ეროვნული საარქივო ფონდის  დაცვასა და შევსებას.
 
აღსრულების ეროვნული ბიუროს მთავარი ამოცანაა სასამართლოების, ასევე, რიგი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა. ბიუროს მისია მდგომარეობს გადაწყვეტილებების ისეთი სახით აღსრულებაში, როდესაც შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული იქნება მონაწილე მხარეთა ინტერესები მათ შორის ბალანსის შენარჩუნების გზით.
 
ამავე დროს, აღსრულების ეროვნული ბიურო ითავსებს ისეთი სახის დამატებითი მომსახურებების განხორციელებასაც, რომელთა მიზანიც არის ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირისათვის მათი უფლებებისა და ინტერესების რეალიზების ეფექტიანი საშუალებების შეთავაზება. მათ შორის, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული წარმოება, ქონების შეფასება და სხვა.
 
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია იღებს და ამუშავებს მოქალაქეთა მიერ იუსტიციის სამინისტროში შეტანილ განცხადებებს, ორგანიზებას უწევს სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში მოქალაქეთა მიღების პროცესს, რეაგირებს მოქალაქეთა განცხადებებზე, რომელთა განხილვაც სცილდება სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს.
 
ელექტრონული მმართველობა
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ,,ციფრული მმართელობის სააგენტოს“ მთავარი მიზანი ელექტრონული მმართველობის განვითარებაა. ამავდროულად, სააგენტო მოწოდებულია, უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება; სახელმწიფოს საქმიანობაში დანერგოს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექონოლოგიები და მათი საშუალებით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას.