იუსტიციის სამინისტროში ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა შემსწავლელი კომისია შეიქმნა

თარიღი: 27 სექტემბერი 2004

იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის ბრძანებით იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა შემსწავლელი კომისია (კომისიას ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის სამოქალაქო, საფინანსო და სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი კახაბერ გურასაშვილი).

მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კომპეტენიის ფორმატში, კომისიამ უნდა შეისწავლოს დაკავშირებული საქართველოში მოქმედი ანტიტერორისტული კანონდებლობა და ამ სფეროში, ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები. კომისია შეისწავლის და გაანალიზებს არსებულ ვითარებას და გაეცნობა უცხო ქვეყნებისა გამოცდილებას, რის შემდეგაც მოამზადებს წინადადებებსა და სამართლებრივი პროექტებს ტერორიზმთან და მის დაფინანსებასთან ბრძოლის სრულყოფისათვის.

კომისიის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსი დავით კაშია და ამავე სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი თემურ მიხანაშვილი.

კომისიის მუშაობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე გურეშიძე.