იუსტიციის სამინისტროში ციხეში სამედიცინო რეფორმებთან დაკავშირებით იმსჯელეს

თარიღი: 15 ოქტომბერი 2004

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში დღეს მრგვალი მაგიდა (დისკუსია) მოეწყო, რომელზეც განიხილეს პენიტენციარული სისტემის სამედიცინო რეფორმის საკითხები და ამ სისტემაში არსებული მდგომარეობა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისა და წამების მსხვერპლთა ცენტრ „ემპათიას" მიერ. ორგანიზატორთა გარდა, მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების, მ. ასათიანი სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის, თავისუფლების ინსტიტუტის, სახალხო დამცველის აპარატის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ღულაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციარული სისტემის ჯანმრთელობის დაცვის სფერო კატასტროფულ მდგომაროებაშია. არ არსებობს შესაფერისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საკმარისი დაფინანსება, ეს სისტემა საბჭოთა ციხის სამედიცინო სამსახურის მემკვიდრეა და აუცილებელია მისი რეორგანიზაცია.

წამების მსხვერპლთა ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ციხეებში ფსიქო - სოციალური დახმარების ცენტრების გახნის კონცეფცია, რომლის დანრგვა რთული, თუმცა აუცილებელია. მისივე თქმით, საჭიროა პატიმართა გამოკვლევა ფსიქიკური ჯანრთელობის თვალსაზრისით, რათა საერთო სურათი ნათელი იყოს. გარდა ამისა, აუცილებელია ექსპერტიზის სისტემის კანონით დარეგულირება, რომელმაც პატიმრების ფსიქიატრიული გამოკვლევა სწრაფი, ეფექტური და უტყუარი გახადოს. ამით შესაძლებელი იქნება ფსიქიკურად დაავადებულ პატიმართა დროული გაყვანა საპატიმროდან სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში.