საჯარო დაწესებულებებში კანონშემოქმედების დონის ასამაღლებლად ტრეინინგი ჩატარდება

თარიღი: 20 ოქტომბერი 2004

საჯარო დაწესებულებებში კანონშემოქმედების პროცესის გამჭვირვალობისა და ამ საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულების პრობლემას ეძღვნება იუსტიციის სამინისტროსა და ფონდ „ღია საზოგადოებას - საქართველოს" (სოროსის ფონდი) ორგანიზებული ტრენინგი, რომელიც გუდაურში 22-24 ოქტომბერს ჩატარდება.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ყველა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც სამართალშემოქმედების პროცესშია ჩართული.
ტრეინინგის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საჯაროობისა და გამჭირვალობის პრინციპების განმტკიცებას, სამინისტროებსა და სხვა უწყებების სამართალშემოქმედებისა და კანონშემოქმედების პროცესის სრულყოფას და მათ შორის კოორდინირებულ მუშაობას, რასაც სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისათვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ტრეინინგზე განაზოგადებენ იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრაქტიკას, რომელიც სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ მომზადებული კანონპროქტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ატარებს.
ტრენინგის ექსპერტები არიან იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გოჩა ვაჭარაძე და იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ დეკანოიძე.
ტრენინგზე განიხილავენ შემდეგ თემებს: „საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობა", „ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია", „სამართალშემოქმედება და სამართალშემოქმედების ტექნიკა", „ინფორმაციის თავისუფლება, ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა" და სხვა.