ჩხრეკა რუსთავის №1 და №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

თარიღი: 25 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და იუსტიციის სამინისტროს სპეცრაზმის წევრებმა რუსთავის №1 და №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ჩხრეკა ჩაატარეს.
რუსთავის №1 დაწესებულებიდან, სადაც 800-მდე პატიმარია მოთავსებული, ამოღებულია 5 დანა, 1 მობილური ტელეფონი, 5 ცალი მობილური ტელეფონის დამტენი, 4 შტირი, 3 სახრახნისი, ბანქოს 16 დასტა, 4 ცალი მაკრატელი, 7 ჩანგალი, ბრტყელტუჩა, ჩაქუჩი, ხერხი, რკინის 13 ნაჭერი, 1 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი „ბრაგა" და 7-მეტრიანი ელექტროსადენი.
რუსთავის №2 დაწესებულებაში (აქ 900 პატიმარი იხდის სასჯელს) აღმოჩნდა: 2 მობილური ტელეფონი, 14 მობილური ტელეფონის დამტენი, 4 ბრტყელტუჩა, 45 ცალი ნახმარი ერჯერადი შპრიცი, 21 ჩანგალი, 7 მაკრატელი, 1 ნაჯახი და სხვა აკრძალული ნივთები.