იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღმასრულებლებისათვის სემინარი ჩაატარა

თარიღი: 28 ოქტომბერი 2004

იუსტიციის სასწავლო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს სასამართლო აღმასრულებლებისათვის სემინარი ჩატარდა, რომელიც სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას ეხებოდა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სემინარი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით ჩაატარა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 20 სასამართლო აღმასრულებელი. ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ ევროსაბჭოს ექსპერტები: ირლანდიელი ადვოკატი ელიზაბეტ დონოვანი და შვედეთის სააღსრულებო სამსახურის უფროსი ილერტ ნილსონი, ასევე, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეფანე თუმანიშვილი და აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი ფრიდონ მჭედლიძე.
სემინარზე დისკუსია გაიმართა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების პრაქტიკულ სიძნელეებზე, საქართველოში დღეს მოქმედ სააღსრულებო კანონმდებლობაზე. სტეფანე თუმანიშვილმა ისაუბრა სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თავისებურებებზე.
ელიზაბეტ დონოვანმა და ილერტ ნილსონმა მოხსენებები გააკეთეს მათი ქვეყნების სააღსრულებო სისტემებისა და ქართულ კანონმდებლობასთან მათ მსგავსებასა და განსხვავების შესახებ.