ქორწინების რეგისტრაციის ერთთვიანი ვადა გაუქმდება

თარიღი: 12 ნოემბერი 2004

ქორწინების რეგისტრაციისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა 15 ნოემბრიდან გაუქმდება. ამ დღეს ძალაში შევა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა" და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში 2004 წლის 15 ივლისს შეტანილი შესაბამისი ცვლილებები.
ქორწინების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო (მანამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განახორციელებს.
სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია დასაქორწინებელ პირთა მიერ სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში განცხადების შეტანის დღეს, ან იმ დღეს, რომელიც განცხადებაში იქნება დაფიქსირებული.
განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.