საპასპორტო სისტემა პოლიციური აღარ არის

თარიღი: 15 ნოემბერი 2004

„საპასპორტო სამსახური დღეიდან პოლიციური დაწესებულება აღარ არის, იგი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამით მხოლოდ ტექნიკური ცვლილება არ განხორციელებულა", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა.
საპასპორტო სამსახური, საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად, პოლიციური სტრუქტურა იყო, მაშინ, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო რეგისტრაციის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას სამოქალაქო დაწესებულებები ახორციელებენ.
გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი, რომელიც საპასპორტო ფუნქციებსა და სამოქალაქო საკითხთა სამსახურებს გააერთიანებს. მინისტრმა ბრიფინგზე ახალი დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ფორჩხიძე წარადგინა. საპასპორტო სამსახურები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებთან (ძველი ე.წ. მმაჩი) გაერთიანება თბილისში წლის ბოლომდე, ხოლო რაიონებში 2005 წლის გაზაფხულამდე უნდა მოხდეს. „საპასპორტო სამსახურები, პირველ რიგში, პოლიციის ოფისებიდან უნდა გავიდნენ", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
მოქალაქეთათვის სასარგებლო კიდევ ერთი ცვლილება პასპორტისა და პირადობის მოწმობის გაცემის ვადის შემცირებაშია - ამიერიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი მაქსიმუმ 5 დღეში გაიცემა. აქამდე არსებული ერთვიანი ვადის შემცირება, ხშირ შემთხვევაში, კორუფციული გარიგებების საგანი ხდებოდა.
სამოქალაქო რეესტრის სისტემაში მუშაობის მსურთველთათვის ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად იუსტიციის სამინისტროში საბუთების მიღება ბოლო ორი კვირაა მიმდინარეობს და 19 ნოემბერს დასრულდება. „ჩვენ ძველ კადრებს ქუჩაში არ ვტოვებთ, თუმცა იმ თანამშრომელბს, რომელთაც რეპუტაცია შელახული ჰქონდათ, ნაკლებად ექნებათ მუშაობის გაგრძელების საშუალება. ჩვენ მოვიზიდავთ პატიოსან და კვალიფიციურ კადრებს და კონკურსის ყველას ტანაბარ პირობებში ჩავაყენებთ. ამ სისტემის თანამშრომელთა ხელფასის ზრდა მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა მინიშნება გააკეთა მოსალოდნელ ცვლილებაზე, რომელიც პასპორტისა და პირადობის მოწმობის ბლანკის შეცვლას ეხება. „ახალი სახელმწიფო გერბის დამტკიცების შემდეგ დღის წესრიგში დადგება დღეს არსებული ბლანკების გამოცვლა უფრო ხარიხსიანი ბლანკებით, თუმცა უკვე გაცემული პასპორტები იმოქმედებს იმ თარიღამდე, რომელიც მასზე არის მითითებული", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.