საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში მუშაობის მსურველთათვის ტესტირების პირველი ეტაპი 5 და 12 დეკემბერს გაიმართება

თარიღი: 03 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე საკვალიფიკაციო ტესტირება იმ კონკურსანტებისათვის, რომელთაც ტესტირების ორი ეტაპი (წერითი და გასაუბრება) უნდა გაიარონ, 5 და 12 დეკემბერს შედგება. იუსტიციის სამინისტროში ორეტაპიან ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად საბუთები 2200-მა კონკურსანტმა შეიტანა. საბუთების მიღება 15-დან 28 ნოემბრამდე წარმოებდა.
ტესტირება ჩატარდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში (ჭავჭავაძის გამზირი, №3), ფიზიკისა და ქიმიის აუდიტორიებში.
5 დეკემბერს ტესტირება 10.00 და 16.00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილე კონკურსანტების რეგისტრაცია კი, შესაბამისად, 09.00 და 15.00 საათზე. 5 დეკემბერს, 10.00 საათზე დაწყებულ ტესტირებას გაივლიან ის კონკურსანტები, რომელთა რეგისტრაციია ნომერია №1-დან №540-ის ჩათვლით, ხოლო 16.00 საათზე ტესტირებაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსანტები, რომელთა სარეგისტრაციო ნომერია №541-დან №1080-მდე.
12 დეკემბერს, ასევე, 10.00. და 16.00 საათზე ტესტირება ჩატარდება შესაბამისად, №1081-დან №1620-ის ჩათვლით და №1621-დან №2200-ის ჩათვლით რეგისტრირებული კონკურსანტებისათვის. ტესტირებაზე გამოცხადებისას კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. მობილური ტელეფონით ან დაგვიანებით გამოცხადებული კონკურსანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
წერითი გამოცდის წარმატების გავლის შემდეგ დაინიშნება კონკურსანტებთან გასაუბრების თარიღი.