საქართველოში 7 იანვარს დაბადებული 16 649 ადამიანი ცხოვრობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 7 იანვარს დაბადებული 16 649 ადამიანი ცხოვრობს.
7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე კვლევა ჩაატარა.
აღმოჩნდა, რომ შობის დღესასწაულზე დაბადებულებს ყველაზე ხშირად გიორგის, ნინოს, დავითს, თამარს, მაიას, ნანას, ალექსანდრეს არქმევდნენ. ამ დღეს დაბადებულთა შორის უხუცესია ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მცხოვრები 121 წლის ქალბატონი სურიე ზაქარიაძე.
შობის დღესასწაულზე შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1986 წელს დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მოქალაქეთა ერთიანი მონაცემების ელექტრონული ბაზა შეიქმნა.