აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2008 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

თარიღი: 20 იანვარი 2009

                                                                                

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. 2008 წლის შედეგები ჟურნალისტებს ბიუროს თავმჯდომარემ გიორგი ობგაიძემ გააცნო.
გასული წელი აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა. 1 ოქტომბრიდან იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი აღსრულების ეროვნულ ბიუროდ ჩამოყალიბდა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა. ფუნქციონირებს ახალი ვებგვერდი, www.enforcement.justice.gov.ge . ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი - 749 649.
ბიუროს მუშაობის პრიორიტეტი გასულ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დაკისრებულ დავალიანებათა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება იყო. წლის მანძილზე 1 770 საქმე აღსრულდა. (თანხა - 9 808 735.18 ლარი). მაშინ, როდესაც წინა ოთხი (2004-2007) წლის განმავლობაში ამ კატეგორიის მხოლოდ 2367 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული (თანხა - 10 125 851.17 ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, უსასყიდლოდ ისარგებლოს აღსრულების ბიუროს მომსახურებით.
ნაწილობრივ მოგვარდა ბიუროს ოფისებით უზრუნველყოფის პრობლემა. შენობები გამოეყო აღსრულების ეროვნულ და თბილისის სააღსრულებო ბიუროებს. ახალი ოფისები აქვთ იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის ბიუროებს.
პროდუქტიული იყო აღსრულების ბიუროს თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან. ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (SIDA), ამერიკის იურისტთა ასოციაციასა (ABA) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GTZ). მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება აღსრულების თანამშრომლებისთვის, სასწავლო ვიზიტები შვედეთში, პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება აღმასრულებელთათვის.
2009 წლიდან აღსრულების ეროვნული ბიუროში კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შემოღება იგეგემება.