სამოქალაქო რეესტრის ცხელი ხაზის მომსახურებით 2008 წელს 35 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ცხელი ხაზის მომსახურებით 2008 წლის განმავლობაში 35 000-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათი კითხვები, ძირითადად, დოკუმენტების მიღების პროცედურას ეხებოდა.
სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიულ სამსახურებში დაშვებულ დარღვევასთან დაკავშირებით შარშან ცხელ ხაზზე სულ 2 შეტყობინება მიიღეს. სამსახურის რეაგირების შედეგად, დროულად გაიცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ცნობა საინფორმაციო-სამისამართო ბიუროდან. აღსანიშნავია, რომ დარღვევის გამო ერთ თანამშრომელს გამოეცხადა საყვედური, ხოლო ორს - შენიშვნა.
შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსის ლევან დარბაიძის ინფორმაციით, ცხელი ხაზის ამოქმედებიდან, 2006 წლიდან, ტერიტორიულ სამსახურებში დაშვებულ დარღვევასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ცხელი ხაზის მუდმივმა და სრულყოფილმა მუშაობამ ხელი შეუწყო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში 2008 წელს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 17 მოქალაქე დააკავეს, გარდა ამისა, დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე 22 ეჭვმიტანილის საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს.