ზესტაფონში იურიდიული დახმარების განახლებული ოფისი გაიხსნა

თარიღი: 26 იანვარი 2009

დღეს, ქ. ზესტაფონში გამგეობის შენობაში იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ზესტაფონის განახლებული ბიურო გაიხსნა. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მედიის წარმომადგენლები.
იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა. ბიურო თანამედროვე ავეჯითა და უახლესი საოფისე ინვენტარით აღიჭურვა. გარდა ამისა, ბიუროს თანამშრომლები იურიდიული დახმარების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ქსელს შეუერთდნენ, რაც სამსახურის ოფისებს შორის კომუნიკაციას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ისევე როგორც იურიდიული დახმარების სხვა იურისტები, იმერეთის-ზესტაფონის ბიუროში დასაქმებული 4 საზოგადოებრივი ადვოკატი და 2 კონსულტანტ-სპეციალისტი მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ემსახურებიან. 2008 წელს მათ გადახდისუუნარო მოქალაქეთა ინტერესების დაცვა 262 სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელეს. უფასო სამართლებრივი კონსულტაციით კი 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
"საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა სწორედ იმერეთის-ზესტაფონის ბიუროს სახელს უკავშირდება. 2005 წლის ივლისში, პილოტური პროექტის ფარგლებში ზესტაფონში "საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის" ბიურო ამოქმედდა. იურიდიული დახმარების სამსახური შექმნის შემდეგ ბიურომ საქმიანობა იმერეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ზესტაფონის განყოფილების სახით გააგრძელა, ხოლო 2008 წლის ივლისიდან მას იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო ეწოდა", - აღნიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - რუსუდან ტაბატაძემ.
იურიდიული დახმარების სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს. ოფისების კეთილმოწყობა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია იმერეთის-ქუთაისის ახალი ბიუროს გახსნაც.