მოსწავლეებს პირადობის მოწმობები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილემ ბესიკ ოდიშარიამ დღეს აფხაზეთის №8 საჯარო სკოლის 84 მოსწავლეს პირადობის მოწმობები გადასცეს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ღონისძიებით დაიწყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაარსებიდან სამი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, რომელიც 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოსწავლეთა რეგისტრაციის პროექტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 14 წელს ზემოთ ყველა მოსწავლეზე გაიცემა, ხოლო 14 წლამდე ასაკის პირები მშობლის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრირდებიან და მათ პირადი ნომრები ენიჭებათ. 2008 წლის აპრილიდან 14 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აიღოს. მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლია, ასევე, 14 წლამდე ასაკის მოქალაქესაც.
სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაციისას ასევე ფიქსირდება რომელ სკოლაში და კლასში სწავლობს თითოეული მოსწავლე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილ მონაცემთა ბაზაზე ონლინე-რეჟიმში წვდომის უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექნება. რეგისტრაცია უფასოა, ამ პროცესის დროს იქმნება სკოლის მოსწავლეთა ფოტოსურათიანი ბაზა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლები სკოლებში ადგილზე დადიან, რის გამოც პირადი ნომრის მისაღებად ბავშვებს აღარ უწევთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მისვლა. სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესის დასრულება მაისისთვის იგეგმება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ამ პროცესში აქტიურად ჩართვისაკენ მოუწოდა.