დღეს მეასიათასე ნინო დაიბადა
წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ შალვა (დავით) ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლში დღეს გამთენიისას დაბადებულ, საქართველოში მცხოვრებ მეასიათასე ნინოს დაბადების მოწმობა და საჩუქრები გადასცა.
პატარა ნინო ქადარია ნინო გზირიშვილისა და თენგიზ ქადარიას პირმშოა.
27 იანვარს, მართმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს მონაცემების თანახმად, ამ თარიღთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ასი ათასი ნინო ცხოვრობს. კვლევა ეფუძნება, როგორც სახელ ნინოს, ასევე ამ ფუძიდან წარმოებულ სახელებს, როგორიც არის: ნინა, ნინი ნინუცა.
ნინო საქართველოში ყველაზე მეტად გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო გავრცელებული. მაგალითისთვის: 1983 წელს საქართველოში 2 586 ნინო დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონების სახელებს შორის "ნინო" ყველა თაობაში პოპულარულია და იგი ყოველთვის გავრცელებული სახელების ხუთეულში შედის.
საქართველოში ყველა ასაკის ქალბატონების პოპულარული სახელების ხუთეული ასეთია: თამარი, ნინო, ნათელა, (ასევე, ნათია), ნანა, მაია (ასევე, მაიკო).
სამოქალაქო რეესტრში მსგავსი მონაცემების მოძიება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჩამოყალიბდა.