სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მაღალჩინოსანი დააკავეს

თარიღი: 28 იანვარი 2009

2009 წლის 28 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი ლევან ორკოშნელი.
ლევან ორკოშნელი დაკავებულია ეჭვმიტანილის სახით, სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებისთვის, კერძოდ, 2006 წლის აპრილში შ.პ.ს. "მესკალინთან" კანონის მოთხოვნათა დარღვევით ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ საწარმოსთვის სხვა უკანონო შეღავათების დაწესებისთვის, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 122.000 ლარის ზარალი.
2007 წლის 15 მაისს, ლევან ორკოშნელმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, სხვა მოხელეებთან ერთად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით უპირატესობა მიანიჭა ინდმეწარმე "ლევან ზენაიშვილს".
მიუხედავად იმისა, რომ ინდმეწარმემ ვერ შეასრულა ტენდერის მოთხოვნები, ორკოშნელმა საშუალება მისცა გაეგრძელებინა მეორე ეტაპის სამუშაოები, რითაც ხელი შეუწყო მას ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 151.000 ლარის დატაცებაში.
ლევან ზენაიშვილი მიცემულია პასუხისგებაში დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის.