მოქალაქეობასა და მიგრაციის საკითხებს სამოქალაქო რეესტრი განიხილავს
მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხების განხილვა 2009 წლის 1 თებერვლიდან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციაში შევა. ამ უფლებამოსილებას აქამდე იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის სამინისტროში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, დადგენის, მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის შეწყვეტის, შეწყვეტა-მინიჭების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ქვეყნიდან უცხოელის გაძევებისა და ემიგრაციასთან (მუდმივი გასვლა) დაკავშირებით დოკუმენტების ჩაბარება და შესაბამისი საბუთის მიღება მოსახლეობას, პირველ ეტაპზე, სამოქალაქო რეესტრის ცამეტ ტერიტორიულ ოფისში შეეძლება. ეს რაიონებია: თბილისში - ვაკე, საბურთალო, ისანი, დიდუბე-ჩუღურეთი, ასევე, ბათუმი, ქუთაისი, ბოლნისი, ახალციხე, რუსთავი, ზუგდიდი, გურჯაანი, გორი, წალკა. მომავალში ეს მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება. აქამდე არსებული წესის თანახმად, მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებს უწევდათ იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მისვლა, რაც, რიგ შემთხვევაში, რეგიონების მკვიდრთათვის პრობლემას ქმნიდა. 1 თებერვლიდან კი მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ მომსახურებას ზემოაღნიშნულ საკითხებზე.
დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სამოქალაქო რეესტრის ცხელ ხაზზე, ტელეფონებზე: 172222 და 401010.
როგორც ვაშაძემ განმარტა, ამჟამად მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული 3000 საქმეა წარმოებაში. თებერვლიდან კი მოქალაქეებს აღარ მოუწევთ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისათვის მიმართვა, რადგან მათ უკვე შეუძლიათ გამოცხადდნენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზემოხსენებულ ტერიტორიულ სამსახურებში.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმისწარმოებისათვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შეიქმნა, ნებისმიერი დაინტერესებული პირის განაცხადი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესვლისთანავე (ან საკონსულო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში) ავტომატურად გადაიგზავნება იმ სახელმწიფო უწყებებში, რომელთაც ამ პროცესში პიროვნების გადამოწმება ევალებათ. აღნიშნული პროცედურა კი საინფორმაციო ბაზას სრულყოფს და დახვეწს მომსახურებას.
სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ჩაიბარებენ, ასევე, ორმაგ მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებულ განცხადებებს, რასაც აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ახორციელებდა. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით კვლავ საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობებს მიმართავენ.