ქუთაისში იურიდიული დახმარების ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა

თარიღი: 30 იანვარი 2009

დღეს, ქ. ქუთაისში არსებულ იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლოს, პროკურატურის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - რუსუდან ტაბატაძემ გახსნა. ხოლო იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა - გელა სიორდიამ ბიუროს გასული წლის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები გასული წლის ივლისი-დეკემბერის პერიოდში, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გარდა ამისა, ბიურო თანამედროვე ავეჯითა და უახლესი საოფისე ინვენტარით აღიჭურვა, რაც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დახმარებით გახდა შესაძლებელი.
როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - რუსუდან ტაბატაძემ აღნიშნა, "ოფისების კეთილმოწყობა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უფასო იურიდიული დახმარების არეალის გაფართოება კვლავაც გაგრძელდება, რაც ამგვარ მომსახურებას გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის".
იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. გასულ წელს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულმა საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გადახდისუუნარო მოქალაქეების ინტერესების დაცვა 2665 სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელეს. სამართლებრივი კონსულტაციისათვის კი ბიუროს 300-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.
იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის (ზესტაფონი, ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს (ზუგდიდი, ფოთი), გურიის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს.