უზნაძის ქორწინების სახლი პოპულარული გახდა

თარიღი: 05 თებერვალი 2009

თბილისში, უზნაძის ქუჩა №2-ში მდებარე ქორწინების სახლი პოპულარული გახდა, აქ მიმდინარე წელს 105-მა წყვილმა იქორწინა, 127 წყვილი კი თებერვლის თვეში აპირებს დაქორწინებას.
უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლი გასული წლის 26 ნოემბერს გაიხსნა. 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქორწინების სახლს 38-მა წყვილმა მიმართა.
შენობა, რომელსაც ქორწინების სახლის ფუნქცია 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერით გარემონტდა. ქორწინების სახლში განთავსებულია სხვადასხვა დიზაინის ორი სარიტუალო დარბაზი.
უზნაძის ქუჩაზე ქორწინების სახლი პირველად 1964 წლის 30 აგვისტოს გაიხსნა და 1990 წლის ჩათვლით მოქმედებდა. ამ პერიოდში შენობაში 125 429 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ქორწინების სახლის ყოფილი შენობა 1991 წელს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დროებით სარგებლობაში გადაეცა, 2006 წელს კი მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უზნაძის ქ. №2-ს ძველი ფუნქცია დაებრუნებინა და შენობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადასცა.