საჯარო რეესტრის ვებპროგრამას 95-მდე ნოტარიუსი იყენებს

თარიღი: 06 თებერვალი 2009

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემუშავებული განცხადებებისა და უფლებების რეესტრის ვებპროგრამას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 95 - მდე ნოტარიუსი იყენებს. მათ სააგენტოსთან გააფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ვებპროგრამის ავტორიზებული მომხმარებლები არიან. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის მოძიება ოფისიდან გაუსვლელად, სააგენტოს ვებგვერდზე www.reestri.gov.ge  შეუძლიათ.
პროგრამა ნოტარიუსს საშუალებას აძლევს, საკუთარი კლიენტების სახელით, მათ ნაცვლად აწარმოოს ურთიერთობა საჯარო რეესტრთან, სარეგისტრაციოდ წარადგინოს საბუთები და მიიღოს მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ამ პროგრამის გამოყენებით ნოტარიუსები ზოგავენ დროს, ხოლო მოქალაქეებს, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას უწევენ.
ნოტარიუსები სარგებლობენ ასევე უძრავ ქონებაზე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ვებპროგრამით.
პროგრამის ამოქმედებამდე ნოტარიუსები ხშირად აწყდებოდნენ ყადაღის შესახებ გაცემული ცნობების გაყალბების შემთხვევებს. ამ პროგრამის საშუალებით კი მათ შეუძლიათ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, ინტერნეტით გადაამოწმონ მოქალაქის მიერ წარდგენილი ყადაღის ცნობა.
საჯარო რეესტრის ვებპროგრამების ავტორიზებული მომხმარებელი ნოტარიუსების გარდა საქართველოში მოქმედი 300-მდე კერძო კომპანიაა.