საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

თარიღი: 06 თებერვალი 2009

2009 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) წარადგინა სახელმწიფოთაშორისი განაცხადი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგვისტოში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებთან დაკავშირებით. განაცხადი შეეხება:

რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული სიცოცხლის უფლების დარღვევას, როგორც საჰაერო დაბომბვის, ისე რუსული ქვეითი ძალებისა და სეპარატისტების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, რომლებიც რუსეთის კონტროლს ექვემდებარებოდნენ;
კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას, როგორც რუსი სამხედროების, ისე ოსი სეპარატისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან მიმართებით;
მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვედ აყვანასთან დაკავშირებით;
მე-8 მუხლით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას მშვიდობიანი მოსახლეობის იძულების გამო, მიეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი;
მე-13 მუხლით გარანტირებულ უფლებას სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობაზე, აგრეთვე,
კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევას რუსეთის მხრიდან;
დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ განათლების უფლების დარღვევას.
კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით დაცულ მიმოსვლის თავისუფლების დარღვევას.

აღნიშნული განაცხადი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გასული წლის 11 აგვისტოს ინიცირებული პროცესის თანმიმდევრულ გაგრძელებას.
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დროებითი ზომების გამოყენების მოთხოვნით.
შედეგად, 2008 წლის 12 აგვისტოს სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ვალდებულება დააკისრა დაეცვა კონვენციით გარანტირებული უფლებები და მიუთითა თავი შეეკავებინა ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
რამდენადაც 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ განხორციელებულა არსებითი ზომები ადამიანის უფლებათა დასაცავად, ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერმე გააგრძელა მასზე დაკისრებული დროებითი ღონისძიების მოქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებაზე მითითებით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოთაშორის კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლო ამ ფორმით ჩაერთო.