აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორებს საბაზისო მომზადების კურსის სერთიფიკატები გადაეცათ

თარიღი: 29 დეკემბერი 2009

2009 წლის 29 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორებს საბაზისო მომზადების კურსის სერთიფიკატები გადაეცათ. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და რეგიონული ბიუროების სტაჟიორებს სერთიფიკატები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ლადო ქარქაშაძემ გადასცეს.


საბაზისო მომზადების სამ კვირიანი კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 73-მა ახალგაზრდამ გაიარა. აღნიშნულ კურსში შედიოდა ის საგნები,  რომლის დახმარებითაც სტაჟიორები შეძლებენ ეფექტურად აწარმოონ პროფესიული საქმიანობა.

კურსზე ჩაირიცხა 87 სტაჟიორი, მათგან 73-მა შეძლო კურსის დამთავრება, მათ შორის 28 სტაჟიორმა წარმატებით გაიარა კურსი. სწავლებას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა, სტაჟიორები მონაწილეობდნენ დისკუსიებში, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და კაზუსების განხილვაში.

აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ სტაჟიორები განაგრძობენ პრაქტიკას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღნიშნული პრაქტიკა ექვსთვიანია, რისი დასრულების შემდეგაც წარმატებული კანდიდატები აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმდებიან.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სტაჟირების კონკურსი წელს მეორედ ჩაატარა. წინა სეზონში ტრენინგისა და სტაჟირების გავლის დამადატურებელი სერთიფიკატი 75 სტაჟიორს გადაეცა. 26 წარმატებული სტაჟიორი კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში  დასაქმდა.