2009 წელს 61 836 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2009 წელს სააგენტოს მიერ რამდენიმე მიმართულებით გაწეული სამუშაოს სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი წარადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლები შთამბეჭდავია: დარეგისტრირდა: 72 437 დაბადება (პირველადი და დაგვიანებული), 55 290 გარდაცვალება (პირველადი და დაგვიანებული).
მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბადების პირველადი რეგისტრაციის მონაცემები. 2009 წელს საქართველოში 61 836 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა, მაშინ, როდესაც 2007 წელს ეს ციფრი 48 027-ს, ხოლო 2008 წელს - 57 263-ს შეადგენდა.
მნიშვნელოვანი იყო 2009 წელს ამოქმედებული, "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც სხვადასხვა დაწესებულებასა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირს დაეკისრა ვალდებულება, სამოქალაქო რეესტრს შეატყობინოს დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ. ეს ნორმატიული სიახლე დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვის სიზუსტეს უწყობს ხელს.
"სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სხვა წლებთან შედარებით, გარდაცვალების რეგისტრაცია 21,7% არის მომატებული, ამასთან, 45,7 პროცენტით გაიზარდა გარდაცვალების დაგვიანებული რეგისტრაცია. ამით მკვდარი სულების თემა საქართველოში დასრულდა", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.
სტატისტიკური მონაცემები იმასაც მოწმობს, რომ ატეხილი აჟიოტაჟი დედაქალქში მოქალაქეთა მიგრაციის შესახებ, თბილისში რაიონების "ათასობით" მცხოვრების რეგისტრაციის შესახებ, რეალურ საფუძველს მოკლებულია. პირიქით, მონაცემების თანახმად, შეიმჩნევა კლება: თუ 2006 წელს 8 373 მოქალაქე დარეგისტრირდა, ეს მაჩვენებელი 2008 წელს 9 242 იყო, ხოლო შარშანდელი მონაცემი ორივე წელთან შედარებით ნაკლებია და შეადგენს 8007 რეგისტრირებულ ადამიანს.