საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის შპს ''აგარაკმშენის'' და შპს ''არქმშენსერვისის'' ხელმძღვანელები დააკავა
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება შპს "აგარაკმშენის" და შპს "არქმშენსერვისის" ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით.
წინასწარი გამოძიებით გაირკვა, რომ "აგარაკმშენს" და "არქმშენსერვისს" 2007-2008 წლებში გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულებები -აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის (ტერმინალი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფინანსური პოლიციის შენობის და სხვა ობიექტების სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, რომლისჯამურმა ღირებულებამ 6 000 000 ლარამდე შეადგინა.
შპს ,,აგარაკმშენის" დირექტორმა დავით ჯოხაძემ, შპს ,,არქმშენსერვისის" შესყიდვების მენეჯერებმა ალექსანდრე ხუხუნაიშვილმა და ცოტნე მუსელიანმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 000 000 ლარიდან, მიითვისეს დაახლოებით 1 000 000 ლარი. დანაშაულის დაფარვის მიზნით მათ დაამზადეს სამშენებლო მასალის შესყიდვის და ხარჯვის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
2010 წლის 4 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ დააკავა დავით ჯოხაძე, ალექსანდრე ხუხუნაიშვილი და ცოტნე მუსელიანი ეჭვმიტანილის სახით, ხოლო 6 იანვარს მათ წაეყენათ ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.