საქართველოსა და შვეიცარიის არქივებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და შვეიცარიის ფედერალურ არქივს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.
შეთანხმებით გათვალისწინებულია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში. მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან საარქივო დოკუმენტების გამოცემებს, სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას, მოაწყობენ პროფესიულ და სამეცნიერო შეხვედრებსა და საარქივო გამოფენებს. ასევე, საშუალება ექნებათ, მოიძიონ დოკუმენტები და გაცვალონ დეტალური ინფორმაცია; ფონდებისა და კოლექციების გამდიდრების მიზნით ერთმანეთს მიაწოდონ ორივე ქვეყნის ისტორიისთვის ღირებული საარქივო დოკუმენტების ასლები (წერილობითი, კინო და ფოტო დოკუმენტები).
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის არქივების თანამშრომლობის საკითხში უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია გაემგზავრება ჟენევაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მე-8 ევროპულ კონფერენციაში ელექტრონულ დაარქივებასთან დაკავშირებით.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: არქივების საერთაშორისო საბჭო და შვეიცარიის ფედერალური არქივი. წარმოდგენილი ნაშრომების ძირითადი თემატიკა იქნება: საარქივო პროფილი და ციფრული ეპოქის მოთხოვნების გათვალისწინება; ინფორმაციის შერჩევა და საზოგადოებისთვის გადაცემა; ელექტრონული დაარქივება; ონლაინ ხელმისაწვდომლობა;
ეროვნული არქივის წარმომადგენელი კონფერენციაზე გააკეთებს მოხსენებას: "გამოწვევები ელექტრონული დაარქივების საკითხებში და საქართველოს ეროვნული არქივის შესაძლებლობები ჩანაწერთა მართვის სისტემაში".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ არქივს თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს: ლიტვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, უნგრეთის ეროვნულ არქივებთან.