პროკურატურამ "საქპატენტის" ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თარიღი: 12 იანვარი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე "საქპატენტის" ხელმძღვანელების მიმართ. საქმე აღძრულია დანაშაულზე, გათვალისწინებული საქართველოს სს კოდექსის 338 მუხლის II და III ნაწილით.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 27 ივნისს სსიპ "ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტის" გენერალური დირექტორის დავით გაბუნიას ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა სატენდერო კომისია, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ტენდერი და ორგანიზაციისთვის შეეძინა ქ. ბორჯომში სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის ცხრა ბინა. დავით გაბუნია თავის მოადგილესთან ირაკლი ხურციძესთან ერთად დაუკავშირდა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას და ტენდერში მონაწილეობა შესთავაზა. ამასთან ი. ხურციძემ და დ. გაბუნიამ ამ კომპანიას ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებისა და  სახელშეკრულებო თანხის, 9 ბინის საფასურის - 384 705,2 აშშ დოლარის წინასწარ, ერთდროულად ჩარიცხვისა და შეღავათების სანაცვლოდ, ქრთამის სახით საცხოვრებელ კომპლექსში დამატებით ერთი ბინის უსასყიდლოდ გადაცემა მოსთხოვეს.

ხელშკრულების გაფორმებისა და თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ, ი. ხურციძემ და დ. გაბუნიამ, ქრთამის სახით უსასყიდლოდ მიიღეს 77,6 კვადრატული მეტრის, დაახლოებით 55 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა, რომელიც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ქრთამად რომ არ გამოჩენილიყო გააფორმეს "საქპატენტი"-ს დირექტორის დ. გაბუნიას დეიდაშვილის მიხეილ მუჯირის სახელზე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ი.ხურციძემ და დ.გაბუნიამ წინასწარი შეთანხმებით გამყიდველ მხარეს არ დააკისრეს კანონით გათვალისწინებული სანქცია და არ დაარიცხეს მას 38 470,52 აშშ დოლარის გადახდა. უფრო მეტიც, მათ გაყალბებული აუდიტორული დასკვნების საფუძველზე, შეამცირეს საბანკო საგარანტიო თანხები 3000 ლარამდე. ამ შეღავათების სანაცვლოდაც წინასაწარი შეთანხმებით, ი. ხურციძემ და დ. გაბუნიამ ქრთამის სახით, შეღავათიან ფასად, 19 210 აშშ დოლარად  მიიღეს კიდევ ერთი ბინა 37,9 კვ. მეტრი. ეს ბინაც 2009 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულების თანხმად, ფიქტიურად გაფორმდა ჯერ დ. გაბუნიას შვილის - ეკა გაბუნიას სახელზე, მოგვიანებით კი - დ. გაბუნიას ნათესავის მანანა სოსელიას სახელზე.

ირაკლი  ხურციძე დაპატიმრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  338 მუხლის 2 და 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. იგი საქპატენტში 2007 წლიდან 2008 წლამდე დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან ამავე დაწესებულების გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ირაკლი  ხურციძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.