''ინტერპრესნიუსის '' ათწლიანი ფოტო-არქივი ეროვნულ არქივში შეინახება

თარიღი: 15 იანვარი 2010

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.შეთანხმების თანახმად, საინფორმაციო სააგენტო ეროვნულ არქივს გადასცემს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტომასალის ელექტრონულ ვერსიას. ეროვნული არქივი, თავის მხრივ, აღრიცხავს, შეინახავს და დაიცავს ფოტომასალას და მას გამოიყენებს "ინტერპრესნიუსის" წერილობითი თანხმობითა და სააგენტოს საავტორო უფლებების დაცვით.

"მოხარულები  ვართ, რომ ჩვენს ინიციატივას ეროვნული არქივის ფონდების ახალი მასალებით შევსებასთან დაკავშირებით პირველი "ინტერპრესნიუსი" გამოეხმაურა. ამ საინფორმაციო სააგენტოს ფოტომასალით ეროვნულ არქივში ახალი ფონდები შეიქმნება, სადაც შევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტების გადაღებული ფოტოები. ეს, გარკვეულწილად, შეავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც არქივის ფონდებში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა", - განაცხადა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. 

არსებობის 10 წლის განმავლობაში სააგენტო "ინტერპრესნიუსი" არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენის  მომსწრეა. სააგენტოს ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს წლების განმავლობაში, მუდმივად უწევთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. სააგენტოს ფოტოარქივი, ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის მატიანეა.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიასთან ერთად, დღესვე მოეწყო "ინტერპრესნიუსის" ფოტო-კორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. სააგენტოს მთავარი რედაქტორის ბაია ცანავას ინფორმაციით, "ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 70-მდე ფოტო ასახავს ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდს. გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ისეთი ფოტომასალა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, ქართველი პოლიტიკოსები თუ ქვეყნის სტუმრები განსხვავებული, საინტერესო და უჩვეულო რაკურსით არიან აღბეჭდილი".

პროექტის მხარდამჭერია კომპანია "ჯეოსელი", ასევე პროექტის პარტნიორები არიან ღვინის კომპანიები - "შუმი" და "ბაგრატიონი 1882".