ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნიკურ ინსტიტუტს შორის

თარიღი: 20 იანვარი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2010 წლის 8 იანვარს აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნიკურ ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.


მასაჩუსეტსის  ტექნიკური ინსტიტუტის დედამიწის, ატმოსფეროსა და პლანეტარული მეცნიერებების ფაკულტეტი ხელს შეუწყობს  სააგენტოს საქართველოში მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) დანერგვაში.


პროექტი  „ მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) დანერგვა საქართველოში", რომელიც  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს,  ითვალისწინებს  ქვეყნის მასშტაბით 35 მუდმივმოქმედი სადგურის დადგმას, მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრის შექმნას და საერთაშორისო (ევროპის) სარეფერენციო სისტემაში ქსელის ჩართვას.


მემორანდუმის თანახმად, მასაჩუსეტსის  ტექნიკური ინსტიტუტი  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და  პერსონალს გადაამზადებს, ხოლო   საჯარო რეესტრის გეოინფორმაციულ მონაცემებს საქართველოში სეისმოლოგიური მდგომარეობის სამეცნიერო კვლევისთვის გამოიყენებს.