კახეთის რეგიონის არქივები ელექტრონული მომსახურების სისტემაში

თარიღი: 26 იანვარი 2010

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლისა და ახმეტის რაიონების არქივები ჩაერთო.

ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა ამ სიახლის პრეზენტაცია დღეს გურჯაანის ადგილობრივ არქივში გამართა.

"მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვის შემდეგ ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად ემსახურება. სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება ადგილზე ჩაუსვლელად არის შესაძლებელი", -აღნიშნა თეონა იაშვილმა.

ეროვნულ არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიღება 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.

ზემოთჩამოთვლილი რაიონების გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის არქივი, ასევე, სამტრედიის, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის ადგილობრივი არქივები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სისტემაში ეროვნული არქივის სხვა ადგილობრივი ოფისების ჩასართავად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა.

ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ-რეჟიმში იღებს.