არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის საქართველოს პროკურატურა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებენ

თარიღი: 01 თებერვალი 2010

საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის ერთობლივ კამპანიას იწყებენ. ამ მიზნით 2010 წლის 1 თებერვალს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გაიმართა უწყებებს შორის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.


შეხვედრას უფროსი კლასების მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლები დაესწრნენ. უსაფრთხო სკოლის პროექტში ჩართულ უწყებათა ხელმძღვანელებმა მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვა, რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სამართალდამცველთა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა კოორდინირებულ მუშაობას, როგორია ოჯახისა და საზოგადოების როლი, რა მნიშვნელობა აქვს კანონმორჩილების თვითშეგნების ამაღლებას ადრეულ ასაკში.


დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა კლიპის პრეზენტაცია, რომელიც მთავარი პროკურატურისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით დამზადდა. იგი სწორედ არასრულწლოვანთა დანაშაულს ეხება, როგორ ხდება მოსწავლე დამნაშავე და მსხვერპლი ცივი იარაღის ტარების მიმართ ოჯახისა და საზოგადოების გულგრილობის გამო.


არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით.


პირველი კონკურსი 1 თებერვალსვე გამოცხადდება საინტერესო სლოგანის გამოსავლენად, სწორედ გამარჯვებული სლოგანის ეგიდით წარიმრთება მთელი წლის განმავლობაში ცივი იარაღის ტარების საწინააღმდეგო კამპანია. სკოლის მოსწავლეებს საკუთარი ვერსიების გამოგზავნა 10 დღის განმავლობაში იუსტიციისა www.justice.gov.ge  და განათლების www.mes.gov.ge  სამინისტროების ვებ-გვერდებზე შეეძლებათ.


საქართველოს პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. ამ მიზნით, პროკურატურის ინიციატივით, მოხდა არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია. სასხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების თანამხად, არასრულწოვნის მიმართ დევნის განხორცილების ვალდებულება შეიცვლება დისკრეციით და პროკურორი უფლებამოსილი იქნება არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს დევნა არასრულწლოვნის მიმართ.დისკრეციული უფლებამოსილება ვრცელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ არასრულწოვანზე, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისა.


აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე მოიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარის 12 წლიდან 14 წლამდე გაზრდას.


კანონის ლიბერალიზაცია საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა - პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას.