სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი

თარიღი: 04 თებერვალი 2010

საჯარო რეესტრმა კიდევ ერთი ახალი, გამარტივებული მომსახურება შესთავაზა მეწარმეებს. ამიერიდან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი.


სააგენტოს ვებ გვერდზე მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, ოფისიდან გაუსვლელად,  ინტერნეტით მიიღონ ამონაწერი მეწარმეთა და სამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

ამონაწერში ასახულია კომპანიის დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, უფლებამოსილი პირები, პარტნიორები და მათი წილობრივი მონაცემები, ინფორმაცია ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ, ასევე  კომპანიის ქონებასა და პარტნიორთა წილებზე ყადაღისა და აკრძალვების, საგადსახადო გირანობა-იპოთეკისა და გირავნობების შესახებ.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: "ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს სრულიად უფასოდ, სააგენტოს ვებგვერზე მარტივად მოიძიოს არა მხოლოდ ბოლო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, არამედ ყველა ტრანზაქცია, ანუ სრული ისტორია, ასევე  შეუძლიათ გაეცნონ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს, განცხადებებსა და სხვა მონაცემებს.

სააგენტოს ვებგვერდზე შესაძლებელია ასევე განაცხადის შევსება და მისი ელექტრონულად წარდგენა საჯარო რეესტრში. კანონით განსაზღვრულ ვადაში მომზადებულ დოკუმენტს დაინტერესებული პირი ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებს.

ელექტრონულად მიღებულ ამონაწერს გააჩნია იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.

ამონაწერის განახლებით კომპანიის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა  ელექტრონულ ბაზაში.

მომსახურების საფასურის გადახდაც ვებ-გადახდის სისტემით, საბანკო პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მასში განთავსებული  ინფორმაცია  მუდმივად განახლებადია.

სიახლე ისიც, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება და ინფორმაციის მიღება სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გარდა სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში შეუძლიათ".  

შეგახსენებთ:
2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.