სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში ფოტოსურათის გადაღება ადგილზე იქნება შესაძლებელი

თარიღი: 05 თებერვალი 2010

სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა.

დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სააგენტოს მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლე გააცნო.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს. დღეიდან მოქალაქეს ICAO (International Civil Aviation Organization)  სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შეეძლება.

პასპორტის, ან პირადობის მოწმობისათვის საჭირო სურათს მოქალაქე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში დამონაჟებულ სპეციალურ ფოტოჯიხურში გადაიღებს. ამის შემდეგ ფოტო მყისიერად მოხვდება სააგენტოს ცენტრალურ სერვერზე და ავტომატურად მიებმება შესაბამის განაცხადს.

ეს სიახლე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და "ერთი ფანჯრის" კონცეფციის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სამოქალაქო რეესტრის ოფისში მისულ მოქალაქეს დამატებით აღარ უწევს სხვა დაწესებულებებში (ფოტოსალონი, ბანკი) გასვლა. მას შეუძლია ადგილზე გადაიღოს ფოტო და გადაიხადოს მომსახურების საფასური.

ბიომეტრიული ფოტოსურათის გადასაღები ფოტოჯიხურები საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში განთავსდა. იტალიური კომპანია "DEDEM"-ის დამზადებული აპარატები სააგენტოს ტენდერში გამარჯვებულმა შპს "IB-GEORGIA"-მ მიაწოდა.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეისთვის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში კიდევ ერთი მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისი დაინერგა, რომლითაც მოქალაქეს გაუმარტივდება ფოტოსურათის გადაღების პროცესი.

მისი თქმით, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებული ფოტოჯიხურების საშუალებით მოქალაქე ოფისიდან გაუსვლელად თავად გადაიღებს ფოტოსურათს და დაზოგავს დროს.

აღნიშნული ჯიხური ავტომატურად ამოწმებს ფოტოსურათის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.