პროკურატურამ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა დაასაქმა

თარიღი: 05 თებერვალი 2010

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით 20 წლის სერგო ქოქოლაძე ქ. ოზურგეთის თხილის საექსპორტო კომპანიაში დასაქმდა.

სერგო ქოქოლაძე ბათუმის მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა სახლში აღიზარდა, მას მხოლოდ ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელიც სოფელ ლაითურში ცხოვრობს და ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წაყარო სწორედ მისი პენსია იყო.

ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა სერგო ქოქოლაძის მძიმე სოციალური მდგომარება და მას დასაქმების შესაძლებლობა მისცა. 5 თებერვლიდან სერგო ქოქოლაძე ოზურგეთის რაიონის თხილის საექსპორტო კომპანიაში იმუშავებს, მისი ანაზღაურება 250-მდე იქნება და საკუთარი თავისა და დედის მატერიალურად უზრუნველყოფას შეძლებს. პირველ სამუშაო დღეს სამსახურში ს. ქოქოლაძე ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა ილია ჯალაღანიამ პირადად მიიყვანა.

"ჩვენ კარგად გვესმის, რა მწვავედ დგას მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის დასაქმების პრობლემა. მით უმეტეს მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო უმაღლესი ან პროფესიული განათლება, მათ ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან უწევთ. სერგო ქოქოლაძეზეც არჩევანი სწორედ ამ მიზეზით გავაკეთეთ. ახლა მას აქვს სამუშაო და, შესაბამისად, პერსპექტივა. შეიძლება ეს ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მინდა იმედი ვიქონიო, რომ დანარჩენს თავად მიაღწევს", _ განაცხადა ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა ილია ჯალაღანიამ.

საქართველოს პროკურატურა სოციალურად დაუცველი მოზარდების დასაქმებას პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის"  ფარგლებში ახორციელებს.
 
პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.