გაკვეთილი სამართლებრივ თემებზე ზესტაფონის N 7 საჯარო სკოლაში

თარიღი: 10 თებერვალი 2010

2010 წლის 10 თებერვალს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები N 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ. პროკურორები  მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით წამოწყებული ერთობლივი კამპანიის შესახებ ესაუბრნენ.

ზესტაფონის რაიონულმა პროკურორმა დავით ლეპერტმა მოსწავლეებს განუმარტა საჯარო სკოლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ პროცესში სამართალდამცველთა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა. პროკურორებმა ისაუბრეს იმის შესახებაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის ჩართულობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა და პროკურორებმა ერთად ნახეს კლიპი, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და განათლების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა და რომელიც არასრულწლოვნების მიერ ცივი იარაღის ტარებას და მის საფრთხეებს ეხება.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია 1 თებერვალს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები სამართლებრივ თემებზე საჯარო სკოლებში, ღია დისკუსიები, სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, საინტერესო აქციები. 

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის გარდა, პროკურატურის ინიციატივით, მოხდა არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა- პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას.