ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ეთნიკური ოსების მიერ შეტანილი 1500-ზე მეტი განაცხადი დაუშვებლად გამოაცხადა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ეთნიკური ოსების მიერ შეტანილი 1500-ზე მეტი განაცხადი წარმოებაში არ მიიღო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ეთნიკური ოსების 5 განაცხადი, მათ ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავდნენ ადვოკატები ვლადიკავკაზიდან (რუსეთის ფედერაცია).
აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა საკუთარი არგუმენტები, განმცხადებლებმა კი ქართული მხარის პოზიციაზე სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნეს შეპასუხება, რასაც შედეგად მოჰყვა სასამართლოს მიერ განაცხადების განსახილველ საქმეთა სიიდან ამოღება. ამავე მიზეზით, სასამართლომ უარი განაცხადა დანარჩენი 1549 განაცხადის განხილვაზე.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ეთნიკური ოსების მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადები სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია.