იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებს ახალი პროდუქტ-პაკეტი შესთავაზა

თარიღი: 12 იანვარი 2011

ბინის მესაკუთრეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად რეგისტრაციიდან მოხსნიან საცხოვრებელი ფართის ძველ მესაკუთრეებს და ამავე საკურებაში რეგისტრირებულ პირებს.

2011 წელს იუსტიციის სამინისტროს პირველი პროდუქტ-პაკეტის პრეზენტაცია დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააკეთეს.

ახალი მომსახურების თანახმად, ბინის მესაკუთრეები საჯარო რეესტრის სააგენტოში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს დაწერენ განცხადებას ძველი მესაკუთრის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომელიც მყისიერად გადაეგზავნება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებს თავად აღარ მოუწევთ ახლადშეძენილ საკუთრებაში ადრე რეგისტრირებული არასასურველი პირების რეგისტრაციიდან მოხსნისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს და ამ წლის დასაწყისშიც უწყებამ მოსახლეობას ახალი პროდუქტ-პაკეტი მოუმზადა.

"სერვისის თანახმად, მოქალაქეებს ახლადშეძენილი საკუთრებიდან ადრე რეგისტრირებული პირების მოხსნა სამოქალაქო რეესტრში მისვლის გარეშეც შეეძლებათ. ადრე მათ საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისამართზე რეგისტრირებული პირების მოხსნისთვის უწევდათ სამოქალაქო რეესტრში განცხადების დაწერა, საჯარო რეესტრიდან  ამონაწერის წარდგენა და სხვა პროცედურების გავლა, რომელსაც 15 დღე მაინც სჭირდებოდა. ამჯერად მოქალაქეები მნიშვნელოვნად დაზოგავენ დროსა და ხარჯებს. გარდა ამისა, ახალი სერვისით მოწესრიგდება საკუთრებაში სულადობრივი რაოდენობის კონტროლის საკითხი და კომუნალური გადასახადების ამოღების პრობლემაც, ვინაიდან გადასახადების დარიცხვა სამოქალაქო რეესტრის ბაზების საფუძველზე იწარმოებს", - განაცხადა ვაშაძემ.

სოსო წიქარიშვილის თქმით, თუ საჯარო რეესტრში პიროვნება ახალი სერვისით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს, იგი მინიმუმ 30 ლარის ეკონომიას მიიღებს და კომუნალური გადასახადების მოწესრიგების კუთხით, თავიდან აიცილებს წყალმომარაგების კომპანიებში, დასუფთავების სამსახურსა თუ სხვა უწყებებში ვიზიტს.