იუსტიციის სამინისტროში მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თარიღი: 13 იანვარი 2011

2011 წლის 13 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებისთვის  საზეიმო მიღება გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომელთაც 2010 წლის განმავლობაში აქტიურად გააშუქეს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა, უწყებაში განხორციელებული რეფორმები.

გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების - საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, ეროვნული აქრივის, აღრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, საკანონმდებლო მაცნეს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დანერგილი სიახლეები და სერვისები აქტიურად შუქდებოდა ქართულ და უცხოურ მედიაში. საინფორმაციო მხარდაჭერისთვის დღეს თითქმის ყველა მედია-საშუალების - ტელევიზიების, რადიოების, საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, გამარტივებული სერვისები, რომლებიც მოქალაქეთა მომსახურებაზეა ორიენტირებული. ჟურნალისტების დახმარების გარეშე კი საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენი უწყების გამჭვირვალობა,"- განაცხადა საზეიმო მიღებაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფროსებმა 2011 წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზეც ისაუბრეს და მედიასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.