საქართველოში შობადობის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია

თარიღი: 14 იანვარი 2011

საქართველოში შობადობის მაჩვენებელის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. 2010 წელს დაბადებულ ახალშობილთა შორის ვაჟები სჭარბობენ.

დაბადების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ,  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.

მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის მიერ 2006-2010 წლებში გაწეული მუშაობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა.  ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2006 წელს საქართველოში 46 060 დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს - 48 027, 2008 წელს - 57 263, 2009 წელს 61 839, ხოლო 2010 წელს 62 726 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.

ცნობისთვის, გასულ წელს დაბადებულთა შორის 52% ვაჟია, ხოლო 48 % - გოგონა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ახალშიბილის დაბადება ოქტომბრის (5728) თვეში დარეგისტრირდა.

საქართველოში ბუნებრივი მატება - სხვაობა შობადობისა და გარდაცვალების რეგისტრაციას შორის არის 12 132, ანუ 12-ით მეტი ადამიანი დაიბადა ქვეყანაში, ვიდრე გარდაიცვალა.

სამოქალაქო რეესტრმა 2010 წელს ახალშობილების პოპულარული სახელებიც გამოიკვლია. კვლევის შედეგები ასეთია:

ვაჟების სახელების ათეული -  1. გიორგი (3573), 2. ნიკოლოზი (3523), 3. ლუკა (2387), 4. საბა (2216), 5. დავითი (1433), ალექსანდრე (სანდრო-1283), ანდრეა (853), მათე (563), ირაკლი (ერეკლე - 524), დემეტრე (419).

საქართველოში პირველად სახელს - გიორგის თითქმის გაუთანაბრდა სახელი ნიკოლოზი. ამ დრომდე გიორგი პოპულარობის კუთხით ერთმნიშვნელოვნად უსწრებდა ვაჟებს შორის ყველა სხვა დანარჩენ სახელებს.

გოგონების სახელების ათეული - 1. მარიამი (4708), 2. ნინო (ნინი-2554), 3. ანა (ანნა, ანი, ანანო, ანუკი-2487), 4. ელენე (1603), 5. ლიზი (1546), 6. ბარბარე (1249), 7. თამარი (688), 8. სალომე (542), 9. ნია (522), 10. თეკლა (390).