საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციის საკითხებზე
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაქმნელად ბათუმში შეიკრიბნენ. ახალი გამოწვევების პირობებში, როდესაც იუსტიციის სამინისტროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება და ნოვატორული პოექტები ინერგება, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის განახლება. სამოქმედო გეგმაზე ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები, პროკურატურის, სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების - საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები მუშაობდნენ.
ძირითადი მსჯელობა საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაეთმო. პროკურატურაში ახალი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ პრეზენტაცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გააკეთა. ასევე საუბარი შეეხო სისხლის სამართლის რეფორმას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალიზაციას, ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებს - საზოგადოებრივი პროკურორი, არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა, ჩემი უფროსი მეგობარი...
ევროკავშირის ექსპერტებმა წარმოადგინეს პროკურატურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.
შეხვედრის მეორე თემა 2011 წელს იუსტიციის სამინისტროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია - იუსტიციის სახლი იყო. სამუშაო ჯგუფებში შემუშავდა იუსტიციის სახლის კონცეფცია - სამინისტროს დაქვემდებარებაში დღეს არსებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში გაერთიანდება, მოქალაქეები დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვით უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღებენ ნებისმიერ მომსახურებას, რომელსაც ამჟამად იუსტიციის სამინისტროს სხავასხვა სამსახურები სთავაზობენ.
ბათუმში შეხვედრისას განისაზღვრა იუსტიციის სახლის ახალი მომსახურების პაკეტები, სერვისების ხარისხის სტანდარტები, საკომუნიკაციო აქტივობები. პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში გაზაფხულზე გაიხსნება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციის საკითხებზე დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” მიერ.