იუსტიციის სასწავლო ცენტრმა წყნეთის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ნათლისღება მიულოცა
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამერიკულ საბჭოებთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე, წყნეთის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა. სასწვალო ცენტრის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა ბავშვებს ნათლისღება მიულოცეს და სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადასცეს.
სათამაშოების, თბილი ტანსაცმლის და სხვა ყოველდღიური საჭირო ნივთების გარდა, სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა წყნეთის აღსაზრდელებს სიურპრიზი მოუმზადეს - ბავშვებს მოულოდნელად, ჯამბაზები, ფერია, ბომბორა და სხვა ზღაპრის გმირები ეწვივნენ და მათთვის სადღესასწაულო ზეიმი გამართეს.
დღევანდელი აქციის იდეა, სასწავლო ცენტრისა და სტუდენტების მიერ მოწყობილ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქციაზე გაჩნდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საშობაო გამოფენაზე გაყიდული ხელნაკეთების, ნახატების, ფოტოების და წიგნების თანხა სწორედ ბავშვების საჩუქრებს მოხმარდა.