კიდევ ერთი გამარტივებული სერვისი ბიზნესის დაწყების მსურველთათვის

თარიღი: 25 იანვარი 2011

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პრივატბანკთან  ერთად კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს  ბიზნესის დაწყების მსურველებს.

დღეიდან, საჯარო რეესტრში ინდმეწარმის ან შპს-ს  დარეგისტრირებისას, მეწარმის სახელზე,  პრივატბანკში  ავტომატურად გაიხსნება მისი საბანკო  ანგარიში.  მეწარმე-სუბიექტს  ორგანიზაციის  ფინანსური  ოპერაციების  განხორციელება ამ ანგარიშით  შეეძლება.  აღნიშნულ მომსახურებას მათ საჯარო რეესტრის  მიმღები ოპერატორები გაუწევენ.  მომხმარებელს აღარ დასჭირდება ბანკში ვიზიტი საბანკო ანგარიშის გასახსნელად.  ანგარიშის ნომერს მეწარმე მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს. პრივატბანკში ანგარიშის გახსნა  უფასო და ნებაყოფლობითი პროცესია.

ამ ეტაპზე, საჯარო რეესტრი საბანკო ანგარიშის გახსნას მსურველებს  მხოლოდ პრივატ ბანკში სთავაზობს.  საჯარო რეესტრი მოლაპარაკებას სხვა საბანკო დაწესებულებებთანაც აწარმოებს. უახლოეს მომავალში დაინტერესებულ პირებს,  ბიზნესის რეგისტრაციისთანავე,  ნებისმიერ ბანკში ავტომატურად  შეეძლებათ საბანკო ანგარიშის გახსნა.